შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, "პარლამენტის წინ შეკრებილი აქციის მონაწილეთა პროტესტი გასცდა გამოხატვის თავისუფლების და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს და მიიღო ძალადობრივი ხასიათი". რეზინის ტყვიების და ცრემლსადენი გაზის გამოყენების შემდეგ, შსს განმარტებას ავრცელებს.
"მიუხედავად სამინისტროს მხრიდან მოწოდებისა, აქციის მონაწილეები განაგრძობდნენ პარლამენტში შეჭრის მცდელობას, პოლიციის მიმართ წინააღმდეგობას და ძალადობას და მათი კანონიერი მოთხოვნისადმი
დაუმორჩილებლობას.
შესაბამისად, პარლამენტის შენობაში შეჭრის, მოქალაქეთა და პოლიციელთა ჯანმრთელობის დაზიანების და ფიზიკური დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად, პოლიციამ გამოიყენა კანონით გათვალისწინებული იძულების პროპორციული სპეციალური საშუალებები.
ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტრო შესაბამის სამართლებრივ შეფასებას
მისცემს მასობრივი არეულობის მოწყობისა და პარალამენტის შენობაში შეჭრის მცდელობას. სამართალდარღევის და დანაშაულის თითოეულ ფაქტზე სამინისტრო მოახდენს რეაგირებას" - აცხადებს შსს.
მდგომარეობა პარლამენტის წინ მას შემდეგ დაიძაბა, რაც ენმ-ის ლიდერმა ნიკა მელიამ აქციის მონაწილეებს პარლამენტში შეჭრისკენ მოუწოდა. მათ პოლიციამ შენობაში შესვლის საშუალება არ მისცა, რის შემდეგაც, რამდენიმე სპეცრაზმელს ჩაფხუტები და ფარები წაართვეს და ბოთლები ესროლეს.
მას შემდეგ, რაც პოლიტიკოსები ხელისუფლებასთან მოსალაპარაკებლად შევიდნენ, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიასთან სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზი გაუშვა, კვამლი და სუნი მეტრო თავისუფლების მოედნამდე იგრძნობა. სამართალდამცველებმა ისროლეს რეზინის ტყვიებიც, არიან დაშავებულები, როგორც ცრემლსადენი გაზით, ისე რეზინის ტყვიებით, მათ შორის, მედიის წარმომადგენლები.





