ზვიად რატიანის საქმე

რატიანის ვიდეოს გავრცელების გამო, მწერლები სამეურვეო საბჭოსთან შეხვედრას ითხოვენ

ზვიად რატიანის ვიდეოს გავრცელების გამო, მწერლები და გამომცემლები საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით სამეურეო საბჭოსთან შეხვედრას ითხოვენ.

შესაბამის ღია წერილს ხელს 25 ადამიანი აწერს. ისინი ითხოვენ შეხვედრას არაუგვიანეს 6 იანვრისა.

"ქალბატონებო და ბატონებო,

2017 წლის 24 დეკემბერს პოეტი ზვიად რატიანი პოლიციის ძალადობის მსხვერპლი გახდა. პოლიციელებმა მას უმოწყალოდ სცემეს. დამნაშავეების დასჯის მაგივრად სახელმწიფომ მერამდენედ სცადა მსხვერპლის დამნაშავედ ქცევა. დაიწყო ზვიად რატიანის დისკრედიტაციის კამპანია. ამ კამპანიაში 2017 წლის 27 დეკემბერს სამარცხვინოდ ჩაერთო საზოგადოებრივი მაუწყებელი. საზოგადოებრივი მაუწყებელი იყო ერთადერთი ტელევიზია, რომელმაც  უკომენტაროდ გაუშვა შინაგან საქმეთა სამინისტროს ფაბრიკაცია: რამდენიმესაათიანი ვიდეომასალის სამწუთნახევარიანი ფრაგმენტი. ეს ფრაგმენტი ზვიად რატიანს ადანაშაულებს იმით, რომ ასიათასობით ქართველის აგრესიას მისკენ მიმართავს. 

2017 წლის 29 დეკემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ მიუღებლად მიიჩნია ამ მასალის გაშვება. სამეურვეო საბჭოს თავჯდომარემ, ბატონმა გრიგოლ გოგელიამ განაცხადა: "ბორდი მიიჩნევს, რომ სიუჟეტი, რომელმაც გამოიწვია საზოგადოებრივი აღშფოთება და რეზონანსი, ჩვენთვისაც მიუღებელი იყო. ის სტანდარტები, რომლის მიხედვითაც საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა მუშაობდეს, დაირღვა".

ამავე პოზიციაზეა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოც: მისი 2017 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ბლოკის დირექტორმა გიორგი გვიმრაძემ და ვებსაიტის რედაქტორმა ირინა დეკანოიძემ ქარტიის პირველი და მეათე პრინციპები დაარღვიეს. 

ჩვენ ვეთანხმებით ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს შეფასებას, თუმცა მივიჩნევთ, რომ კონკრეტული დასკვნები საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობის შემდეგ არ გამოტანილა, რაც ძალიან არასახარბიელოდ აისახება საზოგადოებრივი მაუწყებლის მომავალ მუშაობაზე და მის რეპუტაციაზე. მიგვაჩნია, რომ პასუხისმგებლობა, კონკრეტული და ქმედითი ნაბიჯების გარეშე, არაფერს ნიშნავს.

ამიტომაც თხოვნით მივმართავთ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობის და მისი დირექტორის ვასილ მაღლაფერიძის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით შეგვხვდეს მწერლებისა და გამომცემლების ჯგუფს არაუგვიანეს ამა წლის 6 იანვრისა" - აღნიშნულია ღია წერილში.

წერილს ხელს აწერენ: თინათინ მამულაშვილი, თეონა დოლენჯაშვილი, ტორესა მოსი, გვანცა ჯობავა, მარიამ სამადაშვილი, ნინია მაჭარაშვილი, ზაალ ანდრონიკაშვილი, არჩილ ქიქოძე, პაატა შამუგია, ნესტან კვინიკაძე, ლაშა ბუღაძე, ხათუნა ცხადაძე, ზვიად კვარაცხელია, ანი კოპალიანი, ბელა ჩეკურიშვილი, ხათუნა თავდგირიძე, მაკა ლდოკონენი, ნინო სადღობელაშვილი, დიანა ანფიმიადი, ზაზა კოშკაძე, ივა ფეზუაშვილი, მიხო მოსულიშვილი, შოთა იათაშვილი, ნატო ალხაზიშვილი, ზურაბ რთველიაშვილი.

პოეტი ზვიად რატიანი პოლიციელებმა 23 დეკემბერს დააკავეს. რატიანის თქმით, სამართლადამცველების გაღიზიანება მისმა ნარინჯისფერმა ქურთუკმა გამოიწვია. რატიანი ამბობს, რომ ის გააჩერეს, შემდეგ კი განყოფილებაში გადაიყვანეს და რამდენჯერმე სცემეს. 

მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რატიანმა თავად გაუწია წინააღმდეგობა პოლიციას და მათ უცენზურო გამონათქვამებით მიმართა. 29 დეკემბერს კი, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა მობილური ტელეფონით პოლიციელების მიერ გადაღებული არასრული ვიდეოჩანაწერი, სადაც რატიანის გინება ისმის. ამასთან, აღნიშნული ვიდეო მოსამართლემ მტკიცებულებად დაუშვა და საქმის მასალებს დაურთო.

ეს გადაწყვეტილება პოეტის დაცვის მხარისთვის მიუღებელია. ზვიად რატიანის ადვოკატი ამბობს, რომ ვიდეოზე არ ჩანს მისი გაჩერების და დაკავების მომენტი და არის ტელეფონით გადაღებული, რაც კანონდარღვევაა, ვინაიდან სამართალდამცველებს საპოლიციო კონტროლის დროს სამხრე კამერების ჩართვის ვალდებულება აქვთ.

კომენტარები