ზვიად რატიანის საქმე

ზვიად რატიანის საქმეზე EMC ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოს მიმართავს

რადიო თავისუფლება

პოეტ ზვიად რატიანის ცემის საქმეზე "ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი" (EMC) ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოს მიმართავს.

EMC წარდგენილ საჩივარში დავობს სახელმწიფოს წარმომადგენლის მხრიდან ზვიად რატიანის მიმართ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობაზე, ამ საქმის არაეფექტიან გამოძიებასა და ქვეყნის შიგნით სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალების უფლების დარღვევაზე.

საქმე ეხება, 2017 წლის 23 დეკემბერს, თბილისში, პოლიციის მიერ ზვიად რატიანის ადმინისტრაციულ დაკავებასა და მის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ეპიზოდს. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ საქმეზე გამოძიებას პროკურატურა ერთ წელზე მეტია არაეფექტიანად და უშედეგოდ აწარმოებს. 

"მიუხედავად საკმარისი საფუძვლის არსებობისა, ბრალი არ წაყენებია ინციდენტში მონაწილე არცერთ პოლიციელს. ამასთან, გამოძიების პროცესში გამოვლინდა არსებითი ხასიათის ხარვეზები. ზვიად რატიანს არაერთხელ თვითნებურად ეთქვა უარი დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე. სათანადოდ არ იქნა გამოკვლეული დაზიანებების მიყენებისა და ზვიად რატიანის დროებითი მოთავსების იზოლატორში განთავსების დაყოვნების მიზეზები. პრობლემურია სადავო ქმედების კვალიფიკაციის საკითხიც, რადგან გამოძიება მხოლოდ პოლიციის მიერ შესაძლო უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე მიმდინარეობს, მაშინ როდესაც საქმესთან დაკავშირებით არსებული ინფორმაცია არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობაზე მიუთითებს"- წერია განცხადებაში. 

EMC ზვიად რატიანის სახელით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ასევე იდავებს პირადი ცხოვრების უფლების დარღვევასთან დაკავშირებით, რაც პოლიციის მხრიდან მისი დაკავებისას ვიდეო ჩანაწერების უკანონო გადაღებას და შემდგომში მის გავრცელებას უკავშირდება.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ პოლიციის მხრიდან ზვიად რატიანის მიმართ ძალადობამ, რომელიც ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული შემთხვევაა, კიდევ ერთხელ მძიმედ აჩვენა თვითნებობის და დაუსჯელობის პრობლემა.

"ძლიერი საზოგადოებრივი მხარდაჭერის მიუხედავად, ქვეყნის შიგნით, მსხვერპლის უფლებების აღდგენა ვერცერთ ეპიზოდთან მიმართებით ვერ მოხერხდა, რაც ასევე უთითებს საგამოძიებო და მართლმსაჯულების ორგანოებში არსებულ მძიმე კრიზისზე. დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანის აღიარების და ქმედითი სამართლებრივი ნაბიჯების გადადგმის ნაცვლად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, პირველივე დღიდან, მსხვერპლის დისკრედიტაციის სტრატეგია აირჩია და სრულად უგულებელყო მისი პატივის, ღირსებისა და ფსიქიკური უსაფრთხოების ინტერესები. სამწუხაროა, რომ 2017 წლის დეკემბრიდან დღემდე, უწყებამ არცერთ ეტაპზე, პრობლემის აღიარების და გააზრების მცდელობაც კი არ აჩვენა"- წერია განცხადებაში.

EMC იმედს გამოთქვამს, რომ ზვიად რატიანის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრეცედენტი იქნება დაუსჯელობის პრაქტიკის წინააღმდეგ საქართველოში.

შეგახსენებთ, რომ პოეტი ზვიად რატიანი პოლიციელებმა 2017 წლის 23 დეკემბერს დააკავეს. რატიანის თქმით, სამართლადამცველების გაღიზიანება მისმა ნარინჯისფერმა ქურთუკმა გამოიწვია. რატიანი ამბობს, რომ ის გააჩერეს, შემდეგ კი განყოფილებაში გადაიყვანეს და რამდენჯერმე სცემეს. 

მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რატიანმა თავად გაუწია წინააღმდეგობა პოლიციას და მათ უცენზურო გამონათქვამებით მიმართა. ამის შემდეგ, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა მობილური ტელეფონით პოლიციელების მიერ გადაღებული არასრული ვიდეოჩანაწერი, სადაც რატიანის გინება ისმის. ამასთან, აღნიშნული ვიდეო მოსამართლემ მტკიცებულებად დაუშვა და საქმის მასალებს დაურთო. სასამართლომ რატიანი სამართალდამრღვევად ცნო და 2 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. მოსამართლის თქმით, პოეტს პატიმრობა "საახალწლო დღეების" გამო არ შეუფარდეს.

ვიდეოს გასაჯაროებასთან დაკავშირებით, მოგვიანებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ თქვა, რომ მზადაა აიღოს ნებისმიერი პასუხისმგებლობა, რასაც სამეურვეო საბჭო დააკისრებს.

2018 წლის მარტში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა პოეტ ზვიად რატიანის ვიდეოს გასაჯაროების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრო სამართალდამრღვევად ცნო და 2 000 ლარით დააჯარიმა.

ზვიად რატიანი თვეების განმავლობაში ითხოვდა მის დაზარალებულად ცნობას და პოლიციელთა მხრიდან არასათანადო მოპყრობის საქმის გამოძიებას. მან 2018 წლის სექტემბერში საქართველო დატოვა. 

კომენტარები