ზვიად რატიანის საქმე

რაში ადანაშაულებს რატიანი ხაზარაძეს და რა პასუხი აქვს ბიზნესმენს პოეტის ბრალდებებზე

პოეტი ზვიად რატიანი TBC ბანკისა და სამოქალაქო მოძრაობის "ლელო" დამფუძნებელს, მამუკა ხაზარაძეს, მისი კადრების პროკურატურისთვის გადაცემაში სდებს ბრალს, ხაზარაძე კი ბრალდებებს უარყოფს. 

საუბარია იმ კადრებზე, რომელზეც საპატრულო რეიდის დროს რატიანის დაკავების სცენაა აღბეჭდილი. 

რატიანმა ტვ პალიტრას ეთერში, გადაცემა "360 გრადუსში" საუბრისას თქვა, რომ TBC ბანკმა, მამუკა ხაზარაძის ხელმოწერით, ბანკომატიდან ამოღებული ჩანაწერები პროკურატურას გადასცა. რატიანისვე მტკიცებით, ეს კადრები დამონტაჟებული იყო და მასში არ ჩანდა, როგორ დაიწყო კონფლიქტი მასსა და სამართალდამცველებს შორის. 

"ეს მარტო მე და მამუკამ ვიცით, სამწუხაროდ, პროკურატურიდან კადრებს არ იძლევიან, რაც მე მაქვს ნანახი ჩემი თვალით. TBC-ის კამერის შეკრეჭილ [დაჭრილ] კადრებზე [ვსაუბრობ]. ამოღებულია ყველაფერი, რითიც დაიწყო ის ისტორია, რომლითაც დაიწყო ყველაფერი და არავის არ მინდა, რომ გავახსენო,"- თქვა რატიანმა. 

გადაცემის წამყვანმა მას ხაზარაძის პოზიცია გააცნო, რომელიც ამბობს, რომ TBC-ის პროკურატურისთვის კადრები არ გადაუცია და ამის დამამტკიცებელი ისიც არის, რომ ბანკომატი არა ვიდეოს, არამედ რამდენიმე ფოტოს იღებს. 

"არაფერი ფოტო კადრის კაცო, TBC-ის კადრებია იქ მიტანილი პროკურატურაში, რა ფოტოს გადაღება? დამონტაჟებული კადრები იყო, სადაც ამბის დასაწყისი არ ჩანდა. მე გიჟი კი არა ვარ, მახსოვს ყველაფერი, როგორც მოხდა

ხაზარაძის ხელია მოწერილი. მე და ჩემს ადვოკატს გვინახავს მხოლოდ, არ გვაძლევენ. პროკურატურაში გვანახეს კადრები ხელმოწერით, როგორც დირექტორის. ოდესმე შემეძლება ამის დადასტურება. მაშინ, როდესაც ეს საბუთები სააშკარაოზე გამოვა და სტრასბურგში როცა მოვიგებ საქმეს, მერე გაიგებთ ყველაფერს,"- ამბობს ზვიად რატიანი. 

კითხვაზე, რა ინტერესი შეიძლებოდა, ჰქონოდა ხაზარაძეს, თუკი მან მართლაც გადასცა საგამოძიებო უწყებას დამონტაჟებული კადრები, რატიანი პასუხობს, რომ ხაზარაძის ინტერესი თავისი თავისი გადარჩენა იყო. 

"თავისი უკანალის დაცვა იყო მაგის ინტერესი. რაც უბრძანეს, ის გააკეთა. სანამ ბოლომდე არ ჩახადეს, იქამდე ხმა არ ამოუღია და ხვალ კიდევ გადაუხდიან ფულს და ისევ მოკეტავს,"- თქვა რატიანმა.

პოეტი ასევე უარყოფს ხაზარაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მისი დაკავების შემდეგ ის და მამუკა ხაზარაძე ერთმანეთს ფრანკფურტის წიგნის ფესტივალის შემდეგ გამართულ ვახშამზე შეხვდნენ. 

"არაფერი შანსი არ მქონდა, რომ მისთვის პირადად მეთქვა. არსად მე მას არ შევხვედრილვარ იმ ფრანკფურტში, იტყუება. მატყუარაა. სადაც წამოსკუპებული იყო კახა კალაძე და ის სულელი ბიჭი, რა ჰქვია [მამუკა ბახტაძე], იქ მე არ მივსულვარ,"- ამბობს რატიანი. 

რატიანმა ხაზარაძეზე საუბრისას ასევე თქვა, რომ ის ეროვნული მოძრაობის დაწყების დროს სამშენებლო ფაკულტეტის კომკავშირის მდივანი იყო. ამასთან, მისივე თქმით, ის ხაზარაძეს იმასაც ედავება, რომ მან 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ მოსახლეობას სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. 

"პოლიტიკაში ეგეთი ტიპები არ უნდა იყვნენ, რომლებიც ხვალვე გაგვყიდიან ნებისმიერ თანხად. ხვალვე. ისევ ბიძინა გადაუხდის".

მოგვიანებით გადაცემაში თავად მამუკა ხაზარაძემ დარეკა და ზვიად რატიანის ბრალდებებს გამოეხმაურა. მან ბრალდებები აბსურდული უწოდა და რატიანისგან მათი სასწრაფო წესით უარყოფა მოითხოვა. 

"როდის იყო მამუკა ხაზარაძე რაღაც კადრებს და წერილებს ხელს აწერდა? მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ, სასწრაფო წესით მოიტანოს ის ხელშეკრულება, სადაც ჩემი ხელმოწერით რაღაც არსებობს, თუ არადა მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს და არ უშველის არც ავსტრიაში გაქცევა და არც გაუთავებელი ნახევრად ლოთური საუბარი. გახარიას და რატიანს თუ ერთი ნარატივი ექნებოდა, ამას ნამდვილად არ დავიჯერებდი, რა. 

სასწრაფო წესით ჩაჯდეს თვითმფრინავში, ჩამოვიდეს, მივიდეს პროკურატურაში ჩემს ადვოკატთან ერთად, წაიყვანოს ტელევიზიები და ამოიღოს ის დოკუმენტი და თუ ეს დოკუმენტი იქ არ იქნება, რა, ძალიან მკაცრად აგებს პასუხს,"- თქვა ხაზარაძემ. 

ხაზარაძის თქმით, მას გაუმძაფრდა ეჭვი, რომ რატიანის განცხადებები "ძალიან სერიოზული პროვოკაციის ნაწილია". 

"რომელი კალაძე, რომელი ღარიბაშვილი. კეთილი ინებოს ყველა იმ ადამიანმა, რომელიც ფრანკფურტში იყო იმ ვახშამზე, ვინც იყო იმ შემოქმედებით საღამოზე, საბას დაჯილდოვებაზე. ყველამ ამოიღოს ხმა. თუ საქართველოში ასეთი უნამუსო, უსინდისო, უსირცხვილო განცხადებები... თან ასეთი ადამიანისგან, რომელსაც ჩვენგან დახმარების მეტი არაფერი ახსოვს. ღმერთმა დამიფაროს, რომ ვიღაცას რაღაცას ვამადლი. რომელი კომკავშირი 1992 წლამდე, რომელი სალომე ზურაბიშვილის მოწოდება, რეებს ლაპარაკობს," - ამბობს ხაზარაძე. 

მამუკა ხაზარაძემ ახალი საზოგადოებრივი მოძრაობა, სახელწოდებით "ლელო" 12 სექტემბერს დააფუძნა. ის პარტიის შექმნას და 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას გეგმავს. სწორედ ამ მოძრაობის შექმნის შემდეგ პოეტმა ზვიად რატიანმა ხაზარაძის მიმართ შეურაცხმყოფელი პოსტი გამოაქვეყნა, რაც მოგვიანებით წაშალა. 

პოეტი ზვიად რატიანი პოლიციელებმა 2017 წლის 23 დეკემბერს დააკავეს. რატიანის თქმით, სამართლადამცველების გაღიზიანება მისმა ნარინჯისფერმა ქურთუკმა გამოიწვია. რატიანი ამბობს, რომ ის გააჩერეს, შემდეგ კი განყოფილებაში გადაიყვანეს და რამდენჯერმე სცემეს. 

მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რატიანმა თავად გაუწია წინააღმდეგობა პოლიციას და მათ უცენზურო გამონათქვამებით მიმართა. ამის შემდეგ, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა მობილური ტელეფონით პოლიციელების მიერ გადაღებული არასრული ვიდეოჩანაწერი, სადაც რატიანის გინება ისმის. ამასთან, აღნიშნული ვიდეო მოსამართლემ მტკიცებულებად დაუშვა და საქმის მასალებს დაურთო. სასამართლომ რატიანი სამართალდამრღვევად ცნო და 2 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. მოსამართლის თქმით, პოეტს პატიმრობა "საახალწლო დღეების" გამო არ შეუფარდეს.

ვიდეოს გასაჯაროებასთან დაკავშირებით, მოგვიანებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ თქვა, რომ მზადაა აიღოს ნებისმიერი პასუხისმგებლობა, რასაც სამეურვეო საბჭო დააკისრებს.

2018 წლის მარტში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა პოეტ ზვიად რატიანის ვიდეოს გასაჯაროების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრო სამართალდამრღვევად ცნო და 2 000 ლარით დააჯარიმა.

ზვიად რატიანი თვეების განმავლობაში ითხოვდა მის დაზარალებულად ცნობას და პოლიციელთა მხრიდან არასათანადო მოპყრობის საქმის გამოძიებას. მან 2018 წლის სექტემბერში საქართველო დატოვა და ავსტრიაში თავშესაფარი მიიღო. 

ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) ზვიად რატიანის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა. 

კომენტარები