ზვიად რატიანის საქმე

EMC პოეტ ზვიად რატიანის საქმეზე შს მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებას ეხმაურება

რუსთავი 2

ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), რომელიც პოეტ ზვიად რატიანს სამართლებრივ დახმარებას უწევდა შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. 

გიორგი გახარიამ 22 მარტს ტვ პირველის ეთერში რატიანის საქმეზე საუბრისას აღნიშნა, რომ ის "არცერთი წუთით არ ნანობს იმას, რაც მაშინ მოხდა". 

EMC-ის განცხადებით, მინისტრის პოზიციები პრაქტიკულად გამორიცხავდა ზვიად რატიანის მიმართ უფლების დარღვევის ფაქტის აღიარების რესურსსაც კი და არ აკეთებდა მითითებას ამ საქმეზე მიმდინარე გამოძიების მნიშვნელობის შესახებ. 

"სამწუხაროა, რომ ამ შემთხვევიდან 1 წლის და 3 თვის თავზეც კი შინაგან საქმეთა მინისტრი და უწყება ვერ ახერხებს აჩვენოს პოლიტიკური მზადყოფნა სათანადოდ უპასუხოს საპოლიციო სისტემაში ადამიანის უფლებების დარღვევის მძიმე შემთხვევას. ნათელია, რომ ამ საქმეში მინისტრი და უწყება მუდმივად არაღიარების პოზიციაში იყო და მსხვერპლის დემონიზების ტაქტიკით მოქმედებდა. სამინისტრო არცერთ ეტაპზე არ აჩვენებდა რესურსს, ემოქმედა ზვიად რატიანის ღირსების დაცვის ინტერესების გათვალისწინებით,"- წერია EMC-ის განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით, მინისტრისა და უწყების მხრიდან ზვიად რატიანის არაფხიზელ მდგომარეობაზე და პოლიციასთან ურთიერთობის დროს გამოყენებულ ლექსიკაზე მუდმივი ხაზგასმა მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურებოდა, რომ საზოგადოებაში პოეტის მიმართ თანაგრძნობა შეესუსტებინათ. მათივე თქმით, ამასვე ემსახურებოდა 2017 წლის დეკემბერში საზოგადოებრივი მაუწყებლის საშუალებით უკანონოდ მოპოვებული ვიდეო ჩანაწერის მედიაში გავრცელებაც. 

"რაც შეეხება, საქმეზე ამ დრომდე განხორციელებულ სამართლებრივ რეაგირებას - გამოძიება პროკურატურაში ერთ წელზე მეტია გრძელდება, თუმცა, კონკრეტულ შედეგამდე ამ დრომდე არ არის მისული. მიუხედავად იმისა, რომ ჩატარებულმა გამოძიებამ გამოკვეთა რამდენიმე საკვანძო და პრობლემური ეპიზოდი პოლიციელთა მოქმედებებში, ამ დრომდე პასუხისგებაში მიცემული არ არის არცერთი მათგანი. უფრო მეტიც, ხუთჯერ მიმართვის მიუხედავად, პროკურატურამ ყოველ ჯერზე სრულიად დაუსაბუთებლად უარი თქვა ზვიად რატიანისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე. მისი უფლებების აღდგენის რესურსი არ აღმოჩნდა არც სასამართლოში, რომელმაც მიმდინარე წლის 21 მარტს, ასევე უარი თქვა ზვიად რატიანის დაზარალებულად ცნობაზე,"- წერია განცხადებაში. 

EMC-ის ცნობით, გამომდინარე იქიდან, რომ რატიანის უფლებების დარღვევის მძიმე ფაქტებს ქვეყნის მართლმსაჯულების სისტემის ვერცერთმა რგოლმა ვერ უპასუხა, ორგანიზაცია პოეტის სახელით უახლოეს პერიოდში სტრასბურგს მიმართავს.

პოეტი ზვიად რატიანი პოლიციელებმა 2017 წლის 23 დეკემბერს დააკავეს. რატიანის თქმით, სამართლადამცველების გაღიზიანება მისმა ნარინჯისფერმა ქურთუკმა გამოიწვია. რატიანი ამბობს, რომ ის გააჩერეს, შემდეგ კი განყოფილებაში გადაიყვანეს და რამდენჯერმე სცემეს. 

მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რატიანმა თავად გაუწია წინააღმდეგობა პოლიციას და მათ უცენზურო გამონათქვამებით მიმართა. ამის შემდეგ, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა მობილური ტელეფონით პოლიციელების მიერ გადაღებული არასრული ვიდეოჩანაწერი, სადაც რატიანის გინება ისმის. ამასთან, აღნიშნული ვიდეო მოსამართლემ მტკიცებულებად დაუშვა და საქმის მასალებს დაურთო. სასამართლომ რატიანი სამართალდამრღვევად ცნო და 2 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. მოსამართლის თქმით, პოეტს პატიმრობა "საახალწლო დღეების" გამო არ შეუფარდეს.

ვიდეოს გასაჯაროებასთან დაკავშირებით, მოგვიანებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ თქვა, რომ მზადაა აიღოს ნებისმიერი პასუხისმგებლობა, რასაც სამეურვეო საბჭო დააკისრებს.

2018 წლის მარტში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა პოეტ ზვიად რატიანის ვიდეოს გასაჯაროების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრო სამართალდამრღვევად ცნო და 2 000 ლარით დააჯარიმა.

ზვიად რატიანი თვეების განმავლობაში ითხოვდა მის დაზარალებულად ცნობას და პოლიციელთა მხრიდან არასათანადო მოპყრობის საქმის გამოძიებას. მან 2018 წლის სექტემბერში საქართველო დატოვა. 

კომენტარები