სპეციალური პენტიტენციური სამსახურის განცხადებით, ზვიად რატიანმა სექტემბერში სამი ხანმოკლე პაემნით ისარგებლა, ერთი ხანმოკლე პაემანი კი საკუთარი სურვილით გადაცვალა სატელეფონო საუბარში.
ზვიად რატიანმა დღევანდელ სასამართლო სხდომაზე თქვა, რომ მისი უფლებები იზღუდება. რატიანი ყვება, რომ მესამე კვირაა, არც პაემანს უნიშნავენ, არც ბლოკნოტს აძლევენ და ვერც ციხის მაღაზიაში ყიდულობს კალამს.
სპეციალური პენიტენციური სამსახური ამ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნული უარყო. უწყების ცნობით, ასევე აქვეყნებენ "ზვიად რატინის 2025 წლის 29 სექტემბრის განცხადებას, 2025 წლის 2 ოქტომბერს ჩანიშნული ხანმოკლე პაემნის 2025 წლის 13 ოქტომბერს გადატანასთან დაკავშირებით".
"საზოგადოების ინფორმირების მიზნით სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება ბრალდებულ ზვიად რატიანის მიერ სასამართლო პროცესზე გაკეთებულ განცხადებას – თითქოს მას დაწესებულებაში შეზღუდული აქვს პაემნით სარგებლობის უფლება. ბრალდებულ ზვიად რატიანის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება რეალობას, არის სიცრუე, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების სიცრუეში შეყვანას და სპეციალური პენიტენციური სამსახურის დისკრედიტაციას.
პენიტენციური კოდექსის შესაბამისად, ბრალდებულს უფლება აქვს, ერთი თვის განმავლობაში ჰქონდეს ოთხი ხანმოკლე პაემანი და პატიმრობაში (ბრალდებულის სტატუსით პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის პერიოდი რომლის, ვადაც არ აღემატება 9 თვეს) ყოფნის განმავლობაში – ერთი ხანგრძლივი პაემანი.
ბრალდებულმა ზვიად რატიანმა 2025 წლის სექტემბერში ისარგებლა სამი ხანმოკლე პაემნის უფლებით, ერთი ხანმოკლე პაემანი კი, საკუთარი სურვილით გადაცვალა სატელეფონო საუბარში.
ბრალდებულმა ზვიად რატიანმა 2025 წლის 29 სეტემბერს დაგეგმილი ხანგრძლივი პაემანი სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის უცნობი მიზეზების გამო გააუქმა.
2025 წლის 2 ოქტომბერს ჩანიშნული ხანმოკლე პაემანი მისი განცხადების საფუძველზე, იმ მიზეზით, რომ ჰქონდა სასამართლო პროცესი, გადატანილ იქნა 2025 წლის 13 ოქტომბერს.
ასევე, აღსანიშნავია, რომ ბრალდებულ ზვიად რატიანს მორიგი ხანმოკლე პაემანი ჩანიშნული აქვს 2025 წლის 3 ოქტომბერს". - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
მათივე ცნობით, "ბრალდებულის თანხმობის შემთხვევაში, სპეციალური პენიტენციური სამსახური უზრუნველყოფს 2025 წლის სექტემბერში ბრალდებულ ზვიად რატიანთან შეხვედრაზე მყოფი ვიზიტორების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებას".
ზვიად რატიანის საქმეზე განაჩენი 9 ოქტომბერს, 17:00 საათზე ჩანიშნულ სხდომაზე გამოცხადდება.
პოეტი ზვიად რატიანი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე 24 ივნისს დააკავეს.
რატიანს ბრალი ოფიციალურად 25 ივნისს წარუდგინეს. მას პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმას ედავება, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





