ზვიად რატიანის საქმე

"საახალწლო დღეების გამო", რატიანს პატიმრობა არა, თუმცა, 2000-ლარიანი ჯარიმა შეუფარდეს

რუსთავი 2

თბილისის საქალაქო სასამართლომ პოეტი ზვიად რატიანი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო. მოსამართლე ქეთევან მინაშვილმა რატიანს 2000-ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა. ამასთან, მოსამართლის თქმით, რატიანს ადმინისტრაციული პატიმრობა "საახალწლო დღეების გამო" არ შეუფარდა.

"ბატონო ზვიად, მინდა, განგიმარტოთ, რომ ასეთი გადაწყვეტილება სასამართლომ საახალწლო დღეების გამო მიიღო, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბრალი ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებდა", - აღნიშნა მოსამართლემ ინტერპრესნიუსის ცნობით.

ზვიად რატიანმა, რომელიც პოლიციელებს ცემაში ადანაშაულებს, 2000 ლარი 7 დღის ვადაში უნდა გადაიხადოს.

სასამართლოს განმარტებით, მოსამართლემ დადასტურებულად მიიჩნია ზვიად რატიანის მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი. მას წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ. 

პოეტი ზვიად რატიანი პოლიციელებმა 23 დეკემბერს დააკავეს და სცემეს. რატიანის თქმით, სამართლადამცველების გაღიზიანება მისმა ნარინჯისფერმა ქურთუკმა გამოიწვია. რატიანი ამბობს, რომ ის გააჩერეს, შემდეგ კი განყოფილებაში გადაიყვანეს და რამდენჯერმე სცემეს. 

მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რატიანმა თავად გაუწია წინააღმდეგობა პოლიციას და მათ უცენზურო გამონათქვამებით მიმართა. ორი დღის მერე, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა მობილური ტელეფონით პოლიციელების მიერ გადაღებული არასრული ვიდეოჩანაწერი, სადაც რატიანის გინება ისმის. ამასთან, აღნიშნული ვიდეო მოსამართლემ მტკიცებულებად დაუშვა და საქმის მასალებს დაურთო.

ეს გადაწყვეტილება პოეტის დაცვის მხარისთვის მიუღებელი იყო. ზვიად რატიანის ადვოკატი ამბობს, რომ ვიდეოზე არ ჩანს მისი გაჩერების და დაკავების მომენტი და არის ტელეფონით გადაღებული, რაც კანონდარღვევაა, ვინაიდან სამართალდამცველებს საპოლიციო კონტროლის დროს სამხრე კამერების ჩართვის ვალდებულება აქვთ.

ზვიად რატიანის გარშემო განვითარებულ მოვლენებს აპროტესტებენ ქართველი მწერლები და საზოგადოებრივ მაუწყებელს ბოიკოტს უცხადებენ. ისინი შს მინისტრს გიორგი გახარიას ერთკვირიან ვადას აძლევენ საქმის ადეკვატური გამოძიებისთვის.

კომენტარები