ზვიად რატიანის საქმე

გახარია რატიანის საქმეზე: ჩვენი მხრიდან ობიექტურობის უმაღლესი ხარისხი იქნება

ghn.ge

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია კულტურის სამინისტროში მწერლებთან და მთარგმნელებთან გამართულ შეხვედრაზე მივიდა. მათ პოეტ ზვიად რატიანის დაკავების გარშემო განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრეს. გიორგი გახარიას თქმით, შეხვედრაზე შს სამინისტრომ საკუთარი პოზიცია დააფიქსირა, რომ საქმეზე "ობიექტურობის უმაღლესი ხარისხი" იქნება.

"რა თქმა უნდა, ეს ქეისი საჭიროებს დეტალურ გამოძიებას, რომ ყველა მხარის შინაგანი რწმენა მაქსიმალურად მაღალი იყოს ამ საქმის ობიექტურობასთან დაკავშირებით. ჩვენ ჩვენი პოზიცია დავაფიქსირეთ, რომ ჩვენი მხრიდან ობიექტურობის უმაღლესი ხარისხი იქნება. ვიდეოს გავრცელებასთან დაკავშირებით, ეს იყო არასასიამოვნო მომენტი, თუმცა, ძირითადი კომპონენტი უნდა გავაკეთოთ საზოგადოების რეაგირებაზე. ეს არის სამწუხარო მომენტი", - განაცხადა გიორგი გახარიამ ინტერპრესნიუსის ცნობით.

კითხვაზე, რატომ არ გავრცელდა ჩანაწერის სრული ვერსია, მინისტრმა უპასუხა, რომ ამ საქმის დეტალებს არ იცნობს.

"მე არ ვიცი საქმის დეტალები კონკრეტულად ამ ჩანაწერებთან დაკავშირებით, თუმცა ვიცი, რომ სრული ჩანაწერი, რომელიც იყო წარმოდგენილი სასამართლო პროცესზე, ასევე, სადღაც ინტერნეტში დევს", - განაცხადა მინისტრმა. 

პოეტი ზვიად რატიანი პოლიციელებმა 23 დეკემბერს დააკავეს და სცემეს. რატიანის თქმით, სამართლადამცავების გაღიზიანება მისმა ნარინჯისფერმა ქურთუკმა გამოიწვია. რატიანი ამბობს, რომ ის გააჩერეს, შემდეგ კი განყოფილებაში გადაიყვანეს და რამდენჯერმე სცემეს. 

მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რატიანმა თავად გაუწია წინააღმდეგობა პოლიციას და მათ უცენზურო გამონათქვამებით მიმართა. გუშინ კი, სზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა მობილური ტელეფონით პოლიციელების მიერ გადაღებული არასრული ვიდეოჩანაწერი, სადაც რატიანის გინება ისმის. ამასთან, აღნიშნული ვიდეო მოსამართლემ მტკიცებულებად დაუშვა და საქმის მასალებს დაურთო.

ეს გადაწყვეტილება პოეტის დაცვის მხარისთვის მიუღებელია. ზვიად რატიანის ადვოკატი ამბობს, რომ ვიდეოზე არ ჩანს მისი გაჩერების და დაკავების მომენტი და არის ტელეფონით გადაღებული, რაც კანონდარღვევაა, ვინაიდან სამართალდამცველებს საპოლიციო კონტროლის დროს სამხრე კამერების ჩართვის ვალდებულება აქვთ.

ზვიად რატიანის გარშემო განვითარებულ მოვლენებს აპროტესტებენ ქართველი მწერლები და საზოგადოებრივ მაუწყებელს ბოიკოტს უცხადებენ. ისინი შს მინისტრს გიორგი გახარიას ერთკვირიან ვადას აძლევენ საქმის ადეკვატური გამოძიებისთვის. 

კომენტარები