თვითმმართველობის არჩევნები 2017

ნოდია: ელისაშვილი უძაღლო ქვეყანაში მყეფარე კატას ჰგავს

NDI-ს კვლევამ აჩვენა, რომ თბილისის მერის არჩევნებში ალეკო ელისაშვილი არის ძირითადი ოპოზიციური კანდიდატი. მოგვწონს თუ არა ეს, სხვა საკითხია (მე არ მომწონს, რა მერე?).

ამან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ნაციონალური მოძრაობის გახლეჩა იყო ძალიან ცუდი რამ და არა "პატარა ჯგუფის გასვლა" ანუ ხის გასხვლა-გაჯანსაღების სასარგებლო ოპერაცია. დღევანდელ ნაციონალურ მოძრაობას შეუძლია თავი დაიმშვიდოს იმით, რომ ტექნიკურად ისევ რჩება ძირითად ოპოზიციურ პარტიად და, რაც მთავარია, რეიტინგებში ევროპულ საქართველოს ჯობია. მაგრამ თუ შარშანდელი საპარლამენტო არჩევნების წინ ის რეალურ საფრთხეს უქმნიდა "ქართულ ოცნებას", დღეს მისი სერიოზული კონკურენტი აღარაა. ეს ისედაც ვიცოდით, მაგრამ კვლევამ კონკრეტული საბუთი მოგვცა.

ელისაშვილის ფან "შუაშისტებსაც" ტყუილად უხარიათ, ქოც-ნაცების დიარქიიდან (ორმმართველობიდან) გამოვდივართო, ნამდვილი "მესამე ძალა" გამოჩნდაო. ელისაშვილი უფრო უძაღლო ქვეყანაში მყეფარე კატას გავს; მისი მიღწევა შეიძლება იყოს ის, რომ მერობის არჩევნები ღირსეულად წააგოს. ან, ყველაზე ოპტიმისტურ სცენარში, კალაძე დაამარცხოს და ამით სიტუაცია არიოს. მაგრამ არანაირი "ძალა" ის არ არის. პოლიტიკაში "ძალას" ქვია პარტია, ის კი თავისი უპარტიობით გვაწონებს თავს. ასეთი კანდიდატი უკვე გვყავდა - კატა ჯიქია "ჩემი ცოლის დაქალებში".

(თუმცა კიდევ ერთხელ ვადასტურებ: რაკი უძაღლო ქვეყანაში აღმოვჩნდი, მზად ვარ აღნიშნულ "მყეფარე კატას" მივცე ხმა მეორე ტურში, და სხვასაც მოვუწოდო აქეთკენ)

პოლიტიკის მეცნიერი და ფილოსოფოსი გია ნოდია საუბრობს 2017 წლის ოქტომბერში დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებზე

კომენტარები