თვითმმართველობის არჩევნები 2017

ცესკო ელისაშვილზე: ხელმოწერების შეგროვების ბოლო ვადას ადგენს საარჩევნო კოდექსი

ცესკო
ცესკო

ცენტრალური საარჩევნო კომისია მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის ალეკო ელისაშვილის განცხადებას ეხმაურება და მას მცდარს უწოდებს. 

ცესკოს განცხადებით, 21 აგვისტოს მათ დადგენილებით მიიღეს პროცედურების აღმწერი ინსტრუქცია, რომლის მიზანიცაა "საარჩევნო სუბიექტებს გაუმარტივოს კანონის შესაბამისად მოქმედება".

"რაც შეეხება მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვებისა და საარჩევნო კომისიაში წარდგენის ბოლო ვადას, მას ადგენს არა ცესკო, არამედ უშუალოდ საარჩევნო კოდექსი. კოდექსის თანახმად კი, ხელმოწერების წარდგენის ბოლო ვადაა არჩევნებამდე არაუგვიანეს 50-ე დღე, ანუ 1 სექტემბერი. ცესკომ, ასევე ზუსტად კანონზე დაყრდობით განსაზღვრა საჭირო ხელმოწერების ოდენობა 1% (თბილისის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაა - 958729, ხოლო მხარდამჭერთა ხელმოწერების მინიმალური ოდენობა - 9587),"- აცხადებს ცესკო. 

კომისია საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ არასწორი ინფორმაციის გავრცელებით საარჩევნო პროცესის "დაზიანებისგან". 

"ამავდროულად ჩვენი ვალია, არავის მივცეთ მცდარი განცხადებებით ცესკოს დისკრედიტაციის შესაძლებლობა,"- წერია განცხადებაში. 

ალეკო ელისაშვილმა დღეს თქვა, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თბილისის მერობის არჩევნებში კენჭის საყრელად 1 კვირაში 10 000 ხელმოწერის შეგროვება მოსთხოვა. ელისაშვილის თქმით, რომ ცესკოს ეს გადაწყვეტილება უსამართლო და გულდასაწყვეტია, რადგან მათ შეეძლოთ მისთვის 1 თვე მიეცათ. 

"რა თქმა უნდა, ეს არის ხრიკი. აგვისტოს ბოლოა, ყველა ქალაქიდან წასულია და, ალბათ, ივარაუდეს და, რა თქმა უნდა, მე ვარ ღრმად დარწმუნებული, რომ ეს ხელისუფლებასთან შეთანხმებულია, ეს მაიმუნობა. ქალაქიდან ხალხი გასულია და 10 000 ხელმოწერის შეგროვება არცთუ მარტივი ამბავია და იფიქრეს, რომ ჩემს პარალიზებას მოახდენენ და ამით ამომაგდებენ,"- ამბობს ალეკო ელისაშვილი. 

თუმცა, ელისაშვილის თქმით, თვითონ და მისი მხარდამჭერები დილიდან არიან მეტროებთან მობილიზებულები და ცდილობენ შეაგროვონ ხელმოწერები. 

"პრინციპში, შეუძლებელი უნდა შევძლოთ,"- ამბობს ელისაშვილი და მადლობას უხდის ყველას, ვინც მოხალისედ ჩაერთო ხელმოწერების შეგროვების პროცესში. 

კომენტარები