თვითმმართველობის არჩევნები 2017

ხოშტარია: გამარჯვებისთანავე შევუდგები სოც. დახმარებისა და პენსიების 50 ლარით ზრდას

ტაბულა

ევროპული საქართველო ყველა რეგიონში, რომელშიც პარტია თვითმმართველობის არჩევნებში გაიმარჯვებს პენსიებისა და სოციალური დახმარების ზრდას გეგმავს. პარტია ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებით, გამოთავისუფლებული თანხით მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფისა და პენსიების ზრდას გეგმავს. პარტიის დამფუძნებელ ყრილობაზე თბილისის მერობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა, "არ შეიძლება ჩვენი ფული მიდიოდეს ბიუროკრატიაზე, მიდიოდეს უაზრო ხარჯებზე, ნეპოტიზმზე, ჩვენ სამართლიანად უნდა გადავანაწილოთ."

"ნაძალადევის რაიონში, ყოფილი ქარხნის შენობაში მცხოვრებმა ოთხი შვილის დედამ მითხრა, "მე არ მინდა ხელი მქონეს გაშვერილი მთავრობის მიმართ, მე მინდა რომ მქონდეს საშუალება ჩემი ოჯახი ვარჩინო ჩემი შრომით" და ჩვენ ვართ პასუხისმგებელნი რომ ეს შესაძლებლობები შევქმნათ. ჩვენ გარშემო ცხოვრობს ძალიან ბევრი გაჭირვებული ადამიანი, რომელთაც არ შეუძლიათ, რომ იშრომონ, ამიტომ სახელმწიფოს ვალია, ამ ადამიანებს მისცეს ისეთი სახსრები, რომლითაც შესაძლებელია ცხოვრება და არსებობა, მე გამარჯვებისთანავე შევუდგები სოციალური დახმარებისა და პენსიის ზრდას, ეს იქნება ზრდა 50 ლარით. არ შეიძლება ჩვენი ფული მიდიოდეს ბიუროკრატიაზე, მიდიოდეს უაზრო ხარჯებზე, ნეპოტიზმზე, ჩვენ სამართლიანად უნდა გადავანაწილოთ",- ამბობს ხოშტარია.

პროექტის მიხედვით, პენსიონერები საბაზისო (180 ლარიან) პენსიასთან ერთად აიღებენ სპეციალურ საპენსიო დანამატებს.

კომენტარები