თვითმმართველობის არჩევნები 2017

ელენე ხოშტარია: თბილისი შესაძლებლობების ქალაქია

ტაბულა

ევროპულმა საქართველომ დამფუძნებელ ყრილობაზე თბილისის მერობის კანდიდატად ელენე ხოშტარია დაასახელა. ელენე ხოშტარიას თქმით, ის იქნება ანგარიშვალდებული მხოლოდ ხალხის წინაშე. ხოშტარიამ დღევანდელი ყრილობის დელეგატებს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ თბილისი მრავალი პრობლემის მიუხედავად მნიშვნელოვანი შესაძლებლობის ქალაქია და ის მოსახლეობასთან ერთად, ურთიერთპატივისცემით, კომპრომისითა და ერთმანეთის მოსმენით ამ შესაძლებლობების რეალიზებისთვის იმუშავებს.

"თბილისი არის ცოცხალი, მგრძნობიარე, ორგანიზმი, რომელსაც გააჩნია მრავალფეროვანი ისტორია და ძალიან დიდი შესაძლებლობები. ამ შესაძლებლობებს ქმნიან არა მთავრობები, არამედ ადამიანები, ჩვენ თავისუფალი ადამიანები.

დღეს ქალაქში არის უამრავი ბარიერი, უამრავი სიძნელე, სიდუხჭირე, უსამართლობა და ყველაზე მთავარი და დიდი პრობლემა არის ის, რომ ჩვენ ამას თითქოს შევეგუეთ, თითქოს ჩვენ ესე უნდა ვიცხოვროთ, რომ კეთილდღეობა შანსი და წარმატება არის სადღაც შორს, სხვა ქვეყნებსა და ქალაქებში ან წარსულში, ან ოცნებებში, არა მეგობრებო ეს შესაძლებლობები ჩვენ ყველამ ერთად უნდა შევქმნათ ჩვენს ქალაქში, ეს შესაძლებლობები უნდა შევქმნათ ურთიერთპატივისცემით, კომპრომისებით, და რაც მთავარია ერთმანეთის მოსმენით. ჩვენ ვიმსახურებთ შესაძლებლობების ქალაქს, მთავარი შესაძლებლობაა, როდესაც ადამიანს თავისი ძალისხმევა შეუძლია მიმართოს არა გადარჩენისთვის ბრძოლაზე, არამედ შრომასა და წარმატების მიღწევაზე.

ნაძალადევის რაიონში, ყოფილი ქარხნის შენობაში მცხოვრებმა ოთხი შვილის დედამ მითხრა, "მე არ მინდა ხელი მქონეს გაშვერილი მთავრობის მიმართ, მე მინდა რომ მქონდეს საშუალება ჩემი ოჯახი ვარჩინო ჩემი შრომით" და ჩვენ ვართ პასუხისმგებელნი რომ ეს შესაძლებლობები შევქმნათ. ჩვენ გარშემო ცხოვრობს ძალიან ბევრი გაჭირვებული ადამიანი, რომელთაც არ შეუძლიათ, რომ იშრომონ, ამიტომ სახელმწიფოს ვალია, ამ ადამიანებს მისცეს ისეთი სახსრები, რომლითაც შესაძლებელია ცხოვრება და არსებობა, მე გამარჯვებისთანავე შევუდგები სოციალური დახმარებისა და პენსიის ზრდას, ეს იქნება ზრდა 50 ლარით. არ შეიძლება ჩვენი ფული მიდიოდეს ბიუროკრატიაზე, მიდიოდეს უაზრო ხარჯებზე, ნეპოტიზმზე, ჩვენ სამართლიანად უნდა გადავანაწილოთ

ჩვენ არ ვართ რობოტები, ჩვენ ვცხოვრობთ ქალაქში და გვინდა რომ ვსუნთქავდეთ, გვინდა, რომ ბეტონის გარდა ვხედავდეთ მწვანეს, გვინდა რომ გვქონდეს სუფთა ჰაერი და ხშირად გვიყენებენ ასე საკითხს, რომ ან ბეტონი ან სიმწვანე, ან მშენებლობა ან სუფთა ჰაერი, არა მეგობრებო დადგა დრო, როდესაც ჩვენ უნდა მივიღოთ გონივრული, გააზრებული, შეჯერებული გადაწყვეტილებები და გვქონდეს მშენებლობა იქ სადაც ეს საჭიროა და მწვანე იქ, სადაც ქალაქს სჭირდება, ჩვენ უნდა დავჯდეთ და გადავწყვიტოთ ეს პრობლემა მოლაპარაკებით, რომ გათვალისწინებული იყოს არა ვიწრო ჯგუფის, არამედ საზოგადოების ინტერესი.

ჩვენი ქალაქი უნდა იყოს უსაფრთხო და მოსახერხებელი გადაადგილებისთვის, არ შეიძლება იდგე ავტობუსის გაჩერებაზე და მანქანის შემოვარდნის გეშინოდეს, არ შეიძლება რომ შშმ პირები ვერ გადაადგილდებოდნენ, ვერ მიდიოდნენ დანიშნულების ადგილამდე. ეს პრობლემა სრულყოფილად, არასდროს არ მოგვარებულა დადგა დრო ერთხელ და სამუდამოდ მივუდგეთ ამ პრობლემას და ქალაქი გახდეს კომფორტული ავტომობილისთვისაც, ფეხით მოსიარულისთვისაც, საქალაქო ტრანსპორტისტთისაც.

გვყვანან მოქალაქენი, რომლებიც ცხოვრობენ ავარიულ სახლებში. ამ ადამიანებს თავზე ენგრევათ სახლები, ან უკვე დანგრეული აქვთ და ეძებენ თავშესაფარს. ესეც არის პრობლემა, რომელსაც ან გაურბოდნენ მთავრობები ან გულგრილად და ფორმალურად უდგებოდნენ, ამბობდნენ, რომ ქვეყანას არ აქვს სათანადო სახსრები ამ პრობლემის მოგვარებისთვის. ჩვენ გვაქვს ყველანაირი სახსრები. ჩვენ გვაქვს ყველანაირი რესურსი და ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი გამოცდილება თუ როგორ მოვაგვაროთ ეს პრობლემა, ისე რომ არ დაიჩაგროს ადამიანი და არ დაიჩაგროს ჩვენი ქალაქის იერი. ამიტომ ჩვენ ეს აუცილებლად უნდა გავაკეთოთ, და როგორც არ უნდა გვეშინოდეს, რომ ეს პრობლემა დიდია, ჩვენ ინვესტორებთან ერთად ყველა საზოგადოებრივ ჯგუფთან ერთად უნდა დავიწყოთ ნაბიჯ-ნაბიჯ ამ პრობლემის მოგვარება",- ამბობს ელენე ხოშტარია. 

კომენტარები