თვითმმართველობის არჩევნები 2017

ენმ თბილისის საარჩევნო პროგრამის სამუშაო ვერსიას ავრცელებს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა თბილისის საარჩევნო პროგრამის სამუშაო ვერსიას ავრცელებს. პარტიის ცნობით, საბოლოო პროგრამა შემუშავდება მოქალაქეებთან დისკუსიის და კონსულტაციის შედეგად.

"ჩვენი პროექტის პრიორიტეტებია:

• ისტორიულ უბნებში მაღალსართულიანი კორპუსების მშენებლობის სრული აკრძალვა, სხვა უბნებში მშენებლობის მკაცრი რეგულირება გამწვანების და პარკირების ადგილის მოწყობით;
• ყოველ ახალშობილზე 1000 ლარიანი ვაუჩერი ყველა ოჯახს, რომელთა შემოსავალი წელიწადში 40 ათას ლარზე ნაკლებია;
• კორუფციის და ნეპოტიზმის აღკვეთის, ბიუროკრატიის შემცირების ხარჯზე თბილისის ბიუჯეტიდან დაიზოგება 80 მილიონი ლარი. ეს თანხა მოხმარდება ჯანდაცვის, სოციალური დახმარების და საგანმანათლებლო პროგრამებს;
• დასაქმების ხელშეწყობა, შემოვლითი რკინიგზის აშენების შედეგად გამოთავისუფლებულ ტერიტორიაზე განვითარების და დასაქმების  ეკონომიკური აქტივობის ახალი ზონის ჩამოყალიბებით;
• ჯანდაცვის პროგრამებისა და მედიკამენტების დაფინანსება 40 ათას ლარზე ნაკლები შემოსავლის მქონე ოჯახებს;
• თბილისში სამი ახალი ცენტრალური პარკის მოწყობა;
• კულტურული, სპორტული და საგანამანათლებლო წრეების ვაუჩერი ბავშვებს;
• ანაზღაურებადი სტაჟირება და გაცვლითი პროგრამები სტუდენტებს;
• ადაპტირებული გარემო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის;
• პარკირების ახალი ინფრასტრუქტურა დამატებით 15 ათასი ავტომობილისათვის.

პროგრამის სამუშაო ვერსია აგრეთვე მოიცავს სხვა აქტივობებს დასაქმების, ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის, განათლების, ეკოლოგიისა და გამწვანების, სატრანსპორტო სფეროში. ასევე წარმოადგენლია წინადადებები თბილისში საცობების პრობლემების მოგვარების, უკეთესი საცხოვრებელი გარემოს უზრუნველყოფის და თბილისის იერსახის დაცვის მიმართულებით", - აცხადებს პარტია.

კომენტარები