თბილისის საკრებულო

დავით ნარმანიამ საკრებულოს 2016 წლის ანგარიში ხმაურის ფონზე წარუდგინა

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საკრებულოში 2016 წლის ანგარიში წარადგინა. საკრებულოს სხდომა სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. ნარმანიას გამოსვლის შემდეგ, სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მერს ოპოზიციის წევრებმა მწვავე კითხვები დაუსვეს.

თბილისის მერის მხარდამჭერ განცხადებებს აკეთებდა სხდომის დროს მელორ ვაჩნაძე, რომელიც, მისი თქმით, საკრებულოში მეგობარმა ქართული ოცნების წევრმა ჯაბა ჯიშკარიანმა შეუშვა.

ნარმანიას თქმით, 2016 წლის ბიუჯეტის მოცულობა 842 966.4 ათასი ლარით განისაზღვრა. ამასთან, დაფიქსირდა გადასახდელების შესრულების 99%-იანი მაჩვენებელი.თბილისის მერმა წლის მთავარ პრიორიტეტებად დაასახელა ინფრასტრუქტურის განვითარება, ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა, განათლება და გამწვანების ღონისძიებები. მერის განცხადებით, 2016 წელს თბილისში კაპიტალურად შეკეთდა 500-მდე ქუჩა, 2017 წელს კი კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდება 600-მდე ქუჩას.

თბილისის მერმა 2016 წელს განხორციელებულ პროექტებს შორის ერთ-ერთ გამორჩეულად "ახალი ტფილისი" დაასახელა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანი იყო ლურჯი ავტობუსების შემოყვანაც. ნარმანიამ ასევე აღნიშნა, რომ 2014 წლიდან დღემდე თბილისში 650 000 ხე-მცენარე დაირგო.

ამასთან, სხდომის დაწყებამდე საკრებულოსთან გარე მოვაჭრეების აქცია გაიმართა.

კომენტარები