აშშ

ობამა: ტრამპს სურს, რომ აშშ-მ NATO-სთან მიმართებით არსებული პოლიტიკა განაგრძოს

Reuters

აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ დონალდ ტრამპის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ პირველი პრესკონფერენცია გამართა და აშშ-ის მოკავშირეები დაამშვიდა. 

ობამას თქმით, აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სურვილი გამოთქვა, რომ ქვეყანამ NATO-სთან დაკავშირებით აღებული ვალდებულებების შესრულება განაგრძოს. მისი თქმით, ტრამპი, მას შემდეგ, რაც თავისი მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად შეუდგება, ქვეყნის საერთაშორისო ურთიერთობების შენარჩუნებას გეგმავს.

"ჩემთან საუბრისას არჩეულმა პრეზიდენტმა სერიოზული ინტერესი გამოთქვა ჩვენი სტრატეგიული ინტერესების მხარადჭერასთან დაკავშირებით. მისი ერთ-ერთი მთავარი გზავნილი, რომლის დასახელებაც შემიძლია, ალიანსისადმი მისი ერთგულებაა", - თქვა ობამამ.

პრესკონფერენციის შემდეგ ობამა საბერძნეთში გაემგზავრა. ათენის შემდეგ ის გერმანიას ეწვევა, სადაც ანგელა მერკელის გარდა, მოლაპარაკებებს დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრთან და საფრანგეთის პრეზიდენტთან გამართავს. შემდეგ კი, ობამა პერუში გაემგზავრება, სადაც აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტს დაესწრება. 

ზემოხსენებული ვიზიტები ობამასთვის პრეზიდენტის რანგში უკანასკნელი იქნება.

კომენტარები