9 მაისის აღლუმი

მოსკოვში 9 მაისის აღლუმი სამხედრო ტექნიკის გარეშე ჩატარდა და დაახლოებით 45 წუთი გაგრძელდა

pravda.com.ua

მოსკოვში 9 მაისის აღლუმი სამხედრო ტექნიკის გარეშე ჩატარდა და დაახლოებით 45 წუთის განმავლობაში გაგრძელდა

ცნობისთვის, წარსულში ჩატარებული აღლუმები ჩვეულებრივ 1 საათზე დიდ ხანს გრძელდებოდა.   

აღლუმის პარალელურად უკრაინას წითელ მოედანზე იერიში არ მიუტანია. კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ 9 მაისს "არ ყოფილა გამარჯვების დღის ჩაშლის მცდელობები". 

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის სიტყვით გამოსვლის შემდეგ აღლუმზე თანამედროვე რუსული სამხედრო ტექნიკის შესახებ ვიდეო წარადგინეს.

ეს 2007 წლის შემდეგ პირველი შემთხვევაა, როდესაც 9 მაისის აღლუმი სამხედრო ტექნიკის გარეშე ჩატარდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, ეს გადაწყვეტილება "მიმდინარე ოპერატიულ წინაღობებს" უკავშირდება.

აღლუმის დაწყებამდე რუსულმა მედიამ, Коммерсантъ-მა შეიტყო, რომ ღონისძიებას რუსეთის მთავრობის წევრები, მინისტრები და ვიცეპრემიერები არ დაესწრებოდნენ. თუმცა, აღლუმში მონაწილეობა მიიღეს რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს წევრებმა, მათ შორის, ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ФСБ-სა და СВР-ს ხელმძღვანელებმა. 

აღლუმში მონაწილეობა ასევე არ მიუღიათ სუვოროვის სამხედრო სასწავლებლისა და ნახიმოვის საზღვაო-სამხედრო სასწავლებლის კურსანტებს. 

პუტინთან ერთად აღლუმს ესწრებოდნენ ბელარუსის, ყაზახეთის, ლაოსისა და მალაიზიის ლიდერები, ასევე ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მარიონეტული რეჟიმების პრეზიდენტები. კრემლის თანახმად, ყველა მათგანი საკუთარი ინიციატივით ჩავიდა.

შეგახსენებთ, რომ 9 მაისის აღლუმის პარალელურად მოსკოვის ცენტრში მობილური ინტერნეტი გათიშეს. ამის შესახებ Осторожно, Москва და MSK1 იუწყებოდნენ.

მანამდე რუსეთის ციფრული განვითარების სამინისტრომ განაცხადა, რომ გამარჯვების დღის აღლუმის ჩატარების დღეს მოსკოვში მობილური ინტერნეტი და SMS შეტყობინებები შეიზღუდებოდა. უწყებამ ასევე დააზუსტა, რომ წვდომა შეუძლებელი იქნებოდა მოსკოვის მიერ ნებადართული "თეთრი სიის" ვებგვერდებზეც.

მოსკოვში მობილური ინტერნეტი 5 მაისსაც გათიშეს, როდესაც აღლუმის ერთ-ერთი რეპეტიცია მიმდინარეობდა.

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთ-უკრაინას შორის 3-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გამოაცხადა, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განკარგულება გამოსცა, რომელშიც მან კრემლს 9 მაისს მოსკოვში აღლუმის გამართვის ნება დართო.

მანამდე ტრამპმა უკრაინასა და რუსეთს შორის 3-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გამოაცხადა და განმარტა, რომ დროებითი ზავი მოიცავს "ყოველგვარი კინეტიკური მოქმედებების შეწყვეტასა და ასევე თითოეული ქვეყნის მხრიდან 1 000 პატიმრის გაცვლას."

ტრამპის განცხადების შემდეგ ზელენსკიმ დაწერა, რომ უკრაინისთვის "წითელი მოედანი ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე იმ უკრაინელი ტყვეების სიცოცხლე, რომელთა სახლში დაბრუნებაც შეიძლება". 

კომენტარები