საკონსტიტუციო სასამართლო

საკონსტიტუციოში უგულავას საქმის გადადებაზე შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა

საკონსტიტუციო სასამართლო

საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლეებმა თათბირი დაასრულეს და არ დააკმაყოფილეს შუამდგომლობა გიგი უგულავასა და ე.წ. კაბელების გაერთიანებული საქმის განხილვის გადადებასთან დაკავშირებით. შესაბამისი შუამდგომლობა მოსამართლე ლალი ფაფიაშვილმა დააყენა, რასაც ოთარ სიჭინავა, ზაზა თავაძე და მერაბ ტურავა დაეთანხმნენ. ამ წუთებში სასამართლოში განხილვა გრძელდება. საჩივრდება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლი, რომელიც გაფლანგვას გულისხმობს.

გადადებას მოსამართლეთა ნაწილი გიორგი პაპუაშვილის განცხადებიდან გამომდინარე ითხოვდა. მათი მოსაზრებით, ამ საქმის განხილვა მანამ უნდა შემწყდარიყო, სანამ შესაძლო ზეწოლაზე პროკურატურის დასკვნა არ იქნებოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, "მუდმივად იქნებოდა ეჭვები არაობიექტურ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით".

ამ შუამდგომლობის გამო პროტესტი გამოთქვეს გიგი უგულავასა და ე.წ. კაბელების საქმის ადვოკატებმა. მათი თქმით, შუამდგომლობის დაყენება ზეწოლის პირდაპირი დადასტურებაა.

შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილის თქმით, საკონსტიტუციოს მოსამართლეებზე ზეწოლა მიმდინარეობს. "მოსამართლეებს აშანტაჟებენ, რომ მათი ოჯახის წევრების და ახლო ნათესავების კომერციულ საქმიანობას შეავიწროებენ, რომ მათ ახლო ნათესავებს დააკავებენ სხვადასხვა საბაბით. ასევე, ემუქრებიან პირადი ხასიათის, ძირითადად ფალსიფიცირებული ინფორმაციის გასაჯაროებით. ყველა ეს ფაქტი უკავშირდება მაღალი საზოგადო ინტერესის მქონე საქმეებს, რომლებიც განიხილება საკონსტიტუციო სასამართლოში და მიმართულია იმისკენ, რომ მოსამართლეებმა გადაწყვეტილება მიიღონ ან ხელისუფლების სასარგებლოდ, ან გააჭიანურონ გადაწყვეტილების მიღების პროცესი", - ამბობს პაპუაშვილი.

კომენტარები