საკონსტიტუციო სასამართლო

საკონსტიტუციომ მედიისა და გამოხატვის თავისუფლების საკითხებზე სარჩელები განსახილველად მიიღო

საკონსტიტუციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციის, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) სარჩელი მედიისა და გამოხატვის თავისუფლების საკითხებზე განსახილველად მიიღო

GDI-მ პარლამენტში ჟურნალისტთა აკრედიტაციის წესის შესახებ სარჩელი 2023 წლის 23 ივნისს შეიტანა, რომელიც ეხება 2023 წლის 6 თებერვალს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებას პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წეს. წესების თანახმად, პარლამენტში ჟურნალისტთა აკრედიტაციის შეჩერება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, როდესაც აკრედიტირებული ჟურნალისტი საქართველოს პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში არ შეწყვეტს ინტერვიუს.

"GDI-ს შეფასებით, პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანება ეწინააღმდეგება ინფორმაციის თავისუფლად მიღებისა და გავრცელების უფლებას. კერძოდ, ბრძანება პარლამენტს ანიჭებს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესაძლებლობას იმ ჟურნალისტების აკრედიტაციის შეზღუდვის გზით, რომელთა კითხვებიც შესაძლოა დისკომფორტს უქმნიდეს მმართველ პარტიას". - წერია GDI-ს განცხადებაში.

ასევე გასაჩივრებულია პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ბრძანება საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის შესახებ, რომელიც 18 სექტემბერს შევიდა ძალაში. ბრძანების მიხედვით, დაუშვებელია პარლამენტის სასახლეში, პარლამენტის აპარატის ნებართვის გარეშე, სადემონსტრაციოდ განკუთვნილი ნივთების, მათ შორის, ბანერებისა და პოსტერების, ასევე ხმის გამაძლიერებელი და ხმოვანი სიგნალის მოწყობილობების შეტანა.

"GDI-ის შეფასებით,  მიღებული წესები გაუმართლებლად ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას და აბრკოლებს მოქალაქეთა ჩართულობას საპარლამენტო საქმიანობაში". - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში.  

კომენტარები