ივანიშვილის პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გიორგი მოდებაძე დანიშნა - ინფორმაციას ყაველაშვილის პრესსამსახური ავრცელებს.
"გიორგი მოდებაძეს სასამართლო სისტემაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, ის ასევე იკავებდა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას.
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო შედგება 10 წლის ვადით განწესებული 9 მოსამართლისაგან, რომელთაგან 3 მოსამართლეს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი, 3 მოსამართლეს სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედის უმრავლესობით ირჩევს პარლამენტი, ხოლო 3 მოსამართლეს ნიშნავს უზენაესი სასამართლო" - წერია გავრცელებულ განცხადებაში.
გიორგი მოდებაძემ 2009 წელს სამართლის ბაკალავრიატი ტექნიკურ უნივერსიტეტში დაამთავრა, 2018 წელს - მაგისტრატურა.
2010 წლიდან 2024 წლის ნოემბრამდე მოდებაძე თბილისის საქალაქო სასამართლოში იკავებდა უფროსი სპეციალისტის, სამდივნოს უფროსის და სასამართლოს მენეჯერის პოზიციებს.
საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლის თანამდებობა ირინე იმერლიშვილის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ ვაკანტური იყო.





