საკონსტიტუციო სასამართლო

სპონტანური შეკრებისას თვითმმართველობის 5 დღით ადრე გაფრთხილება არაკონსტიტუციურად ჩაითვალა

2023 წლის 14 დეკემბერს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს სახალხო დამცველის სარჩელი და სპონტანური შეკრების/მანიფესტაციის დროს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს 5 დღით ადრე გაფრთხილების ვალდებულება არაკონსტიტუციურად მიიჩნია.

"საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს შეკრების/მანიფესტაციის ჩატარებამდე არაუგვიანეს 5 დღის ვადაში მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს გაფრთხილების ვალდებულებას, როდესაც ამ ვადაში გაფრთხილება, შეკრების/მანიფესტაციის სპონტანურობის გათვალისწინებით, შეუძლებელია". - წერია სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაში.

აღნიშნული გადაწყვეტილებით საკონსტიტუციომ შეცვალა კონსტიტუციის 21-ე მუხლით გათვალისწინებული დაცვის სფეროს ნაწილი, რომელიც აქამდე არ მოიაზრებდა ხალხისა და ტრანსპორტის მოძრაობის ადგილას წინასწარი გაფრთხილების გარეშე სპონტანური საპროტესტო შეკრების ჩატარების უფლებას.

"საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებით, საქართველოს ისტორიული გამოცდილება ცხადყოფს, რომ შეკრებისა და მანიფესტაციების უფლება ქართული საზოგადოებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. ათწლეულების მანძილზე სწორედ საჯარო შეკრება წარმოადგენდა სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვის, საზოგადოებრივი აზრის ფორმირების, პროტესტის გამოხატვის, იდეების, ღირებულებების გარშემო გაერთიანებისა თუ ბრძოლის ეფექტიან და ძალზე ხშირად გამოყენებულ საშუალებას". - წერია განცხადებაში.

კომენტარები