თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

თვითმმართველობის წევრებმა ულტიმატუმის ვადა ღამის 11 საათამდე გადაწიეს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

თსუ-ს სტუდენტური თვითმართველობის წევრები და მათი მხარდამჭერები სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსში ამ დრომდე განიხილავენ შემდგომ ნაბიჯებს. ისინი კვლავ ითხოვენ რექტორის გადადგომას. ულტიმატუმის ვადა მათ ღამის 11 საათამდე გადაწიეს.

"თსუ-ს პიკეტირება ბევრ პრობლემას ქმნის, იმიტომ, რომ სასწავლო პროცესი გაჩერებულია. აღარ არის საჭირო პიკეტირება, მეორე კორპუსში ჩვენ 23.00 საათზე გადავწყვეტთ, რას ვაპირებთ, დავსახავთ სამოქმედო გეგმას. პირველ კორპუსს შეუძლია, აღადგინოს სასწავლო პროცესი. რაც შეეხება ჩვენს აქციას, გრძელდება და სამოქმედო გეგმა სწორედ 23.00 საათზე შეკრების შემდეგ გახდება ცნობილი", - განაცხადა თვითმმართველობის ვიცეპრეზიდენტმა პაატა ბახტურიძემ. მისივე თქმით, აუდიტორია 115-თან გასაყოფი არაფერი არ აქვთ.

"უნივერსიტეტი როგორც იმათია, ისე არის ჩვენი. ყველას გვეყოფა. შესაბამისად, რაც ჩვენთან პრეტენზიები აქვთ, მოვიდნენ, მოგვახსენონ, დავსხდეთ და დავილაპარაკოთ. მზად ვართ დღევანდელი ხელმძღვანელები - პრეზიდენტები და ვიცეპრეზიდენტები იმ წამსვე გადავდგეთ, როგორც კი გადადგება ვლადიმერ პაპავა" - ამბობს ბახტურიძე.

115-ე აუდიტორიაში რჩება სტუდენტების მეორე ნაწილი, რომელმაც მათი უსაფრთხოების დაცვა პრემიერმინისტრსა და შინაგან საქმეთა მინისტრს სთხოვა. აუდიტორიის წევრების ინფორმაციით, უნივერსიტეტში თვითმმართველობა პროვოკაციებს გეგმავს.

თვითმმართველობის წარმომადგენლები უარყოფენ ნებისმიერ პროვოკაციებს და კატეგორიულად გამორიცხავენ პირველ კორპუსში შეჭრას. თვითმმართველობის წარმომადგენლები აკადემიურ საბჭოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის იმპიჩმენტის მოთხოვნით მიმართავენ.

ამასთან, სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, პროფესორ-მასწავლებლებმა საინიციატივო ჯგუფი შექმნეს. პროფესორ-მასწავლებლების თქმით, აუცილებელია პროცესებში მათი ჩართულობა. ამ ფორმატში საინიციატივო ჯგუფის წევრები აუდიტორია 115-ის წევრებსა და თვითმართველობის წარმომადგენლებსაც შეხვდნენ.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს სრულ შემადგენლობას დღეს საქართველოს განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე შეხვდა. შეხვედრას უნივერსიტეტის რექტორი ვლადიმერ პაპავა, მისი მოადგილე და სენატის წევრებიც ესწრებოდნენ. შეხვედრა განათლების სამინისტროში დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. შეხვედრა პაპავამ რამდენიმე წუთში დატოვა .

 

კომენტარები