თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

რატიანი: თსუ-ში ხდება ის, რაც ხდება ქართულ ოცნებაში - შიდა დაპირისპირებები

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატ სერგო რატიანის თქმით, ის, რაც დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხდება, პირდაპირ ასახავს, რა ხდება ქართულ ოცნებაში. ესაა შიდა დაპირისპირებები, რასაც, მისი თქმით, პროცესები ძალიან ცუდი გზით მიჰყავს.

"თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გარშემო მიმდინარე პროცესები შემაშფოთებელია. დღეს ივანიშვილის მიერ დაპირებულ მეოთხე საუკეთესო წელს ხდება ის, რომ თსუ გუშინ დაარბიეს, მისი ავტონომია შელახულია და სტუდენტებისა და პროფესორების უმრავლესობა დაუცველია.

შემაშფოთებელია, როცა რექტორი აცხადებს, რომ მისი ნების საწინააღმდეგოდ ადმინისტრაციაში ოდეერი მუშაობს და მთელს პროცესებს ის მართავს. შემაშფოთებელია, როდესაც სტუდენტებს, რომლებიც ოდეერის არსებობას აპროტესტებენ, ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ.

სახელმწიფომ არაფერი გააკეთა სტუდენტების დაპირისპირების შესაჩერებლად.

ვფიქრობ, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა უნივერსიტეტის ავტონომია იყოს დაცული, სტუდენტები იყვნენ დაცულები. დღეს თსუ-ში ხდება ის, რაც ხდება ქართულ ოცნებაში - შიდა დაპირისპირებები", - თქვა რატიანმა.

კომენტარები