თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

თსუ-ს საკითხზე შეხვედრა განათლების სამინისტროში დღეს, 20:00-ზე გაიმართება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განვითარებულ მოვლენებზე დღეს, 20:00-ზე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში იმსჯელებენ. სამინისტრო მიმართავს უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, პარიტეტული პრინციპით შეარჩიოს ყველა დაინტერესებული ჯგუფის წარმომადგენელი.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ცოტა ხნის წინ დაავალა განათლების მინისტრს თამარ სანიკიძეს, შეხვდეს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს, აკადემიურ პერსონალს და ხელმძღვანელ პირებს, რათა შექმნილი პრობლემა უმოკლეს ვადებში გადაიჭრას. პრემიერის განცხადებით, "მთავრობა ვალდებულია, მიიღოს ყველა ზომა, რათა სასწავლო პროცესი დაუბრუნდეს ნორმალურ კალაპოტს". გიორგი კვირიკაშვილმა ასევე დაავალა შინაგან საქმეთა სამინისტროს, სასწრაფოდ განმუხტოს ვითარება და გააძლიეროს უსაფრთხოების ზომები. 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აქციები 7 მარტს დაიწყო. სტუდენტები ითხოვდნენ, გიორგი გაფრინდაშვილს კანცლერობის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა მოეხსნა. ასევე, უნივერსიტეტის ავტონომიას, ე.წ ოდეერის თსუ-ში ყოფნის საკითხის გამოძიებას და სტუდენტური თვითმმართველობის რეფორმას. გუშინ გიორგი გაფრინდაშვილმა კანდიდატურა მოხსნა, თუმცა, აქციები მისმა მომხრეებმა, სტუდენტური თვითმმართველობის წევრებმა დაიწყეს. ისინი მეორე დღეა, რექტორის ვლადიმერ პაპავას გადადგომას ითხოვენ. თვითმმართველობის წევრები დღეს რექტორის კაბინეტშიც შეიჭრნენ და პაპავას გადადგომის მოთხოვნით, შიმშილობა დაიწყეს

ასევე არ წყვეტს პროტესტს სტუდენტური მოძრაობა აუდიტორია 115. მათ მოთხოვნას უნივერსიტეტის ავტონომიის, ე.წ ოდეერის თსუ-ში ყოფნის საკითხის გამოძიების და სტუდენტური თვითმმართველობის რეფორმის შესახებ, აკადემიური საბჭოს დაშლაც დაემატა. დღევანდელ ბრიფინგზე სტუდენტებმა პრემიერმინისტრს და განათლების მინისტრს მოუწოდეს, პირადად გაეცნონ სიტუაციას, "რადგან პროცესი გაცდა შიდასაუნივერსიტეტო ფარგლებს".

კომენტარები