თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ეთიკის ქარტია: ჟურნალისტებს უნდა ჰქონდეთ უსაფრთხო სამუშაო პირობები

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ცნობით, თსუ-ში მიმდინარე აქციების დროს რამდენიმე ჟურნალისტს ხელი შეეშალა პროფესიული მოვალეობის შესრულებაში, რაც სისხლის სამართლის კოდექსით (154-ე მუხლი) დასჯადი დანაშაულია.

"ლიბერალის ფოტოგრაფს კამერა დაუმტვრიეს, ხოლო ნეტგაზეთის რეპორტიორს ის ტელეფონი წაართვეს, რომლითაც აქციას იღებდა. ლიბერალის კიდევ ერთ ჟურნალისტს, სოფო გოგიშვილს, რომელიც ასევე მობილურით იღებდა უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესს, გაურკვეველმა პირმა ყელში ხელი წაუჭირა და ტელეფონი ჩამოართვა. ფიზიკური ძალადობის შესახებ საუბრობს Palitra New-ის ჟურნალისტიც", - ნათქვამია ქარტიის ოფიციალურ განცხადებაში.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია სამართალდამცავ ორგანოებს და უნივერსტეტის თანამშრომლებს მოუწოდებს, უზრუნველყონ ჟურნალისტებისთვის უსაფრთხო სამუშაო პირობები.

„თსუ-ში აქციები კვლავაც გრძელდება, მნიშვნელოვანია, რომ მედიის წარმომადგენლებს მიეცეთ პროფესიული საქმიანობის თავისუფლად განხორციელების საშუალება და შეძლონ აუდიტორიისთვის ინფორმაციის მიწოდება. შესაბამისად, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, უნივერსიტეტის დაცვის თანამშრომლებს, უზრუნველყონ ჟურნალისტების უსაფრთხო სამუშაო პირობები", - წერია განცხადებაში.

 

კომენტარები