თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ქართული ოცნება: პარტიის სახელით თსუ-ს შიდა პროცესებში მონაწილეობა მიუღებელია

პარტია ქართული ოცნება უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მათი ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან დღეს გამართულ აქციაში მონაწილეობდნენ.

"ხაზგასმით ვაცხადებთ, ყველას აქვს უფლება, დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია აქტუალურ საკითხზე, თუმცა ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია პოლიტიკური პარტიის სახელით შიდასაუნივერსიტეტო პროცესებში ვინმეს მონაწილეობა.

მიგვაჩნია, რომ საუნივერსიტეტო ავტონომია მკაცრად უნდა იყოს დაცული. წარსულს ჩაბარდა ის დრო, როდესაც მმართველი პარტია საუნივერსიტეტო რესურსის თავისი სუბიექტური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობდა.

პარტია მხარდაჭერას უცხადებს ყველა იმ სტუდენტს, რომელსაც გული შესტკივა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტზე. ასევე, ჩვენ ვთვლით, რომ დაუშვებელია პრობლემების გადაჭრის ძალადობრივი გზა და რაც შეიძლება სწრაფად უნდა იყოს უზრუნველყოფილი სასწავლო პროცესის შეუფერხებელი წარმართვა" - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

ცნობისთვის, დღეს სტუდენტების რამდენიმედღიანი პროტესტის შემდეგ, თსუ-ს კანცლერობის კანდიდატმა გიორგი გაფრინდაშვილმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. მისი თქმით, უკან დახევის გადაწყვეტილება უნივერსიტეტში შექმნილი უმართავი ვითარების გამო მიიღო.

გაფრინდაშვილის გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, უნივერსიტეტის თვითმმართველობის წევრებმა რექტორ ვლადიმერ პაპავას თანამდებობიდან გადადგომა მოითხოვეს. მათი თქმით, პაპავა უნივერსიტეტში შექმნილ ვითარებას ვერ გაუმკლავდა. მოთხოვნას არ დაეთანხმნენ საპირისპირო აზრზე მყოფი სტუდენტები, რომლებიც პაპავას ეფექტურ, სამართლიან მმართველად მიიჩნევენ. ეს დაპირისპირების კიდევ ერთი მიზეზი გახდა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღის განმავლობაში ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. რექტორის კაბინეტთან შეკრებილი სტუდენტები და თვითმმართველობის წევრები ერთმანეთს ჯერ ფიზიკურად, შემდეგ კი სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. ისინი აცხადებდნენ, რომ ორივე მხარეს უნივერსიტეტის ავტონომია სურს, თუმცა უთანხმოების მთავარი მიზეზი სენატის გამართვა გახდა. თვითმმართველობის წევრები სხდომის გამართვას, სტუდენტთა მეორე ნაწილი კი გაფრინდაშვილისგან კანდიდატურის უპირობოდ მოხსნას ითხოვდნენ. უნივერსიტეტში მთელი დღის განმავლობაში სამართალდამცვავები იყვნენ მობილიზებულები და თვითმმართველობის წევრებსა და სტუდენტებს შორის იდგნენ. ისინი დაპირისპირებულ მხარეებს ერთანეთთან მიახლოების საშუალებას არ აძლევდნენ.

აქვე შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, ხელისუფლების უმაღლესმა პირებმა გაფრინდაშვილს ურჩიეს, ვითარების განსამუხტად კანიდიდატურა მოეხსნა. 

 

კომენტარები