პროცესები მაესტროში

TV 11-ის სიხშირეზე მაესტრო 24-მა საცდელი მაუწყებლობა დაიწყო

მაესტრო მაუწყებლობას სხვა სიხშირეზე განაგრძობს. მაესტრომ TV 11-ის სიხშირეზე საცდელი მაუწყებლობა დაიწყო და ეთერში რადიო მაესტრო გადის. გადაწყვეტილება მამუკა ღლონტმა და ბაჩო კიკაბიძემ მიიღეს.

„ვართ დამოუკიდებელი კომპანია, მაქვს ავტორიზაცია, ვიყავი მარეგულირებელ კომისიაში და შევატყობინე, რომ ვიწყებთ ტრანსილირებას. ეს არის საცდელი მაუწყებლობა. ძალიან დიდი გამოცდილება მაქვს სატელევიზიო სივრცეში - ოცწლიანი. არჩევნები ახლოვდება მალე და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ჩემი ახალი საკუთარი არხი, ყველა ოჯახში, სადაც ტელევიზორია, იყოს ხელმისაწვდომი“, - თქვა ბაჩო კიკაბიძემ, ტელეკომპანია მაესტროს ტექნიკურმა დირექტორმა.

„ის ხალხი აკეთებს მაესტრო 24-ს, ვისაც არ უნდოდა, რომ მე წავსულიყავი ამ ტელევიზიიდან და რომ არ დახურულიყო და არავის კონტროლქვეშ არ მოქცეულიყო“, - ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა მაესტროს დირექტორმა, ბაია გადაბაძემ.

რუსთავი 2-თან საუბრისას გადაბაძემ ასევე თქვა, რომ ტელეკომპანიის შენობა მაკა ასათიანის საკუთრებაა და გაჩეჩილაძეებს შიგნით არ შეუშვებენ. ამ მიზნით მაესტროში დღეს დილიდან დაცვა გააძლიერეს. დირექტორის თქმით, მაესტროს შენობაში შესვლა მხოლოდ მისი ნებართვით იქნება შესაძლებელი.

 

კომენტარები