პროცესები მაესტროში

მაესტროს თანამშრომლები: დავის გადაწყვეტამდე ახალ დირექტორს არ დავემორჩილებით

ტელეკომპანია მაესტროს ეთერში თანამშრომლების განცხადება გაავრცელდა, რომლის თანახმადაც ამ ეტაპზე ისინი რჩებიან ტელეკომპანიაში და აგრძელებენ საკუთარი მოვალეობების შესრულებას.

"დღეს ტელეკომპანიის უკლებლივ ყველა თანამშრომელს ჰქონდა საშუალება შეხვედროდა, გასაუბრებოდა და მოესმინა ტელეკომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებლის, მაკა ასათიანის პოზიცია. მაესტროში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით გვსურს განვაცხადოთ: მაესტროზე არსებული ყველა ტელეპროექტი ეთერში რჩება. თანამშრომლები აგრძელებენ საქმიანობას და უზრუნველყოფენ ყველა გადაცემისა და საინფორმაციო სამსახურის ეთერში უწყვეტობას. თანამშრომლები აგრძელებენ არხზე მუშაობას, რომელიც დღეს სამართლებრივ დავაშია. თუმცა, ვიდრე არ გაირკვევა სასამართლოს მიერ პარტნიორთა კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების მართლზომიერება, იმ შემთხვევაში, თუ რეესტრმა დააფიქსირა შესაბამისი ცვლილებები, არ ვგეგმავთ შპს „სტუდია მაესტროს" დირექტორის განკარგულებების შესრულებას. ასევე, ველით პასუხებს იმ მასალებზე და ფაქტებზე, რომელიც დღევანდელ ბრიფინგზე მაესტროს მოქმედმა დირექტორმა ბაია გადაბაძემ გააჟღერა წილის ნასყიდობასთან დაკავშირებით", - აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, 2 თებერვალს ტელეკომპანია მაესტროს წილების საკონტროლო პაკეტის, 55% წილის მფლობელი გიორგი გაჩეჩილაძე, "უცნობი" გახდა. გაჩეჩილაძემ ორი თანამფლობელისგან, გიორგი ებრალიძისგან და ლევან ჩიკვაიძისგან 15-15%-იანი წილი შეიძინა.

საკონტროლო პაკეტის ახალმა მფლობელმა 2016 წლის 4 თებერვალს მოიწვია პარტნიორების კრება და არხის დირექტორი, ეთერ (ბაია) გადაბაძე თანამდებობიდან მოხსნა. გია გაჩეჩილაძემ გადაბაძის მოხსნა ტელეკომპანიის რეიტინგის კლებით ახსნა. ამასთან, ცნობილი გახდა, რომ არხის დირექტორის პოსტი გია გაჩეჩილაძემ თავის ძმას, ლევან გაჩეჩილაძეს შესთავაზა. ბაია გადაბაძე კი, საჯარო რეესტრისგან მოითხოვს, არხის დირექტორად ლევან გაჩეჩილაძე არ დაარეგისტრიროს. მისი თქმით, ის ოფიციალურად ისევ დირექტორია.

ტელეკომპანიაში მიმდინარე პროცესების პოლიტიკურ მოტივებზე არასამთავრობოები საუბრობენ. მათ უმძაფრდებათ ეჭვი წინასაარჩევნო პერიოდში ტელეკომპანიაზე კონტროლის დამყარების მცდელობაზე.

კომენტარები