პროცესები მაესტროში

პრემიერი: მაესტროში მიმდინარე პროცესებში ჩარევა კატეგორიულად დაუშვებელია

გიორგი კვირიკაშვილი
მთავრობის ადმინისტრაცია

მაესტროში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ფიქრობს, რომ მესაკუთრეებს შორის დავაში მთავრობისა და პოლიტიკური ძალების რაიმე ფორმით ჩარევა კატეგორიულად დაუშვებელია. პრემიერის პოზიციას მისი პრესსამსახური ავრცელებს.

"საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ჩვენი საზოგადოების მთავარი მონაპოვარია. პრემიერმინისტრის პოზიციაა, რომ ამ თავისუფლებას არანაირი საფრთხე არუნდა დაემუქროს. ტელეკომპანია „მაესტროს" გარშემო მიმდინარე მოვლენები ამ დრომდე მხოლოდ მესაკუთრეებს შორის დავის ხასიათს ატარებს.

პრემიერი მიიჩნევს, რომ ამ საკითხში მთავრობისა და პოლიტიკური ძალების რაიმე ფორმით ჩარევა კატეგორიულად დაუშვებელია. პოლიტიკური სპექტრის ამოცანად უნდა რჩებოდეს ქვეყანაში თავისუფალი და პლურალისტური მედიაგარემოს უზრუნველყოფა, რაც ამ შემთხვევაშიც სახეზეა", - ნათქვამია პრემიერმინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ტელეკომპანიაში მიმდინარე პროცესების პოლიტიკურ მოტივებზე არასამთავრობოები საუბრობენ. მათ უმძაფრდებათ ეჭვი წინასაარჩევნო პერიოდში ტელეკომპანიაზე კონტროლის დამყარების მცდელობაზე. დღესვე ცნობილი გახდა, რომ არხის დირექტორის პოსტს გია გაჩეჩილაძე თავის ძმას, ლევან გაჩეჩილაძეს სთავაზობს. ბაია გადაბაძე კი თანამდებობას ტოვებს. გია გაჩეჩილაძე გადაბაძის მიერ ტელეკომპანიის დატოვებას რეიტინგის კლებით ხსნის. მაესტროს ჟურნალისტები იმედოვნებენ, რომ არხი სატელევიზიო დამოუკიდებლობას შეინარჩუნებს. გია გაჩეჩილაძე გუშინ სახელმწიფო კანცელარიაში პრემიერმინისტრს შეხვდა, თუმცა, მისი თქმით, ტელეარხში მიმდინარე მოვლენებზე არ უსაუბრიათ.

კომენტარები