ტერორიზმი

წულუკიანი: ერთი ხელის მოსმით ჩატაევის ციხიდან გამოშვებას ვეწინააღმდეგებოდი

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, ის 2012 წელს ახმედ ჩატაევის გათავისუფლების წინააღმდეგი იყო, რომელიც ცოტა ხნის წინ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გლობალურ ტერორისტთა სიაში შეიყვანა. მინისტრის თქმით, გადაწყვეტილება ჩატაევის "ერთი ხელის მოსმით" გამოშვებასთან დაკავშირებით, მაშინდელმა მთავარმა პროკურორმა, არჩილ კბილაშვილმა მიიღო.

"ახმედ ჩატაევის ციხიდან ერთი ხელის მოსმით გამოშვებას მე მართლაც ვეწინააღმდეგებოდი და ვთვლიდი, რომ მოსამართლეს უნდა გადაეწყვიტა იყო თუ არა ის დამნაშავე. ამის საპირისპიროდ, იმიტომ, რომ ჩემი დანიშვნის დღიდანვე პროკურატურა გახდა რეალურად დამოუკიდებელი, დამოუკიდებლობა ჰქონდა მაშინ პროკურორს, ბატონი კბილაშვილის ხელმძღვანელობით ამ საქმეზეც და მათ გადაწყვიტეს, რომ ბრალი შეეწყვიტათ. ასევე ვეწინააღმდეგებოდი და ეს დღესაც სწორი მგონია, რომ ჩატაევი გადაგვეცა რუსეთისათვის, რადგანაც ჩვენ არასდროს ჩეჩნებს, შამაევის საქმიდან გამომდინარე, 2002 წელს ერთხელ დავუშვით იმ მთავრობის დროს შეცდომა და ეს შეცდომა არასდროს უნდა გავიმეოროთ, რადგან ჩვენ თუ არ გვექნა გარანტიები, რომ ჩვენს ჩრდილოკავკასიელ ძმებს გადაცემის შემთხვევაში ნორმალურად მოექცევიან რუსულ ციხეში, ასეთ ექსტრადიციაზე ჩვენ ყოველთვის ვამბობთ ხოლმე უარს. ასე იყო ჩატაევის შემთხვევაში, წინააღმდეგი ვიყავი და ეს ექსტრადიცია მართლაც არ მოხდა.

ადამიანი როდესაც არის თავისუფალი, გამოდის ციხიდან, ის თუ არ არის პრობაციონერი მას არ აკონტროლებს სახელმწიფო და ეს ასეც უნდა იყოს დემოკრატიულ საზოგადოებაში", - განაცხადა წულუკიანმა.

ჩატაევი, რომელიც ბოლო ინფორმაციით, შესაძლოა სირიის ტერიტორიაზე იმყოფებოდეს, ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს დაკავებულთა შორის ერთ-ერთია.

ოფიციალური ინფორმაციით, ჩატაევი დაკავების დროს რამდენიმე ხელყუმბარით იყო შეიარაღებული. მის დაკავებას აქციები მოჰყვა თბილისსა და პანკისის ხეობაში. ჩატაევის უკანონო პატიმრად აღიარებას მოითხოვდა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია და უფლებადამცველი, მათ შორის, სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, რომელიც იმ დროს ადამიანის უფლებათა ცენტრს ხელმძღვანელობდა.

კომენტარები