თეორემა

"გადაგდებული" მევენახეები

წინ დაძაბული წელი გველოდება. არჩევნებამდე ერთი წლით ადრე ხელისუფლების პოზიცია უკიდურესად შერყეულია - ლარს ფაქტობრივად არაფერი აკლია 1999 წლის ისტორიულ მინიმუმამდე, ელექტროენერგია გაძვირდა - თუმცა მოქალაქეებს ჯერ გაძვირებული დენის ქვითრები არ მისვლიათ, ანუ ამ ფაქტით გამოწვეული უკმაყოფილება ჯერ არ გვიგრძვნია, ექსპორტი მცირდება, იმპორტი მცირდება, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, როგორც მოსალოდნელი იყო, გახვრეტილი ჯიბე აღმოჩნდა და დეფიციტშია. ამას დაურთეთ რთველი და ყურძნის ფასით გამოწვეული უკმაყოფილება - მევენახეებს კარგად ახსოვთ ივანიშვილის დაპირება იმის თაობაზე, რომ ჩასაბარებელი ყურძნის ფასი ლარზე ნაკლები არ უნდა ყოფილიყო, ამდენად ლოგიკურია, რომ შემცირებულ ფასზე პასუხისმგებლობას სწორედ ბიძინა ივანიშვილს აკისრებენ.

მეღვინეები კი თავის მხრივ ჩივიან, რომ შარშანდელი ძვირად ნაყიდი ყურძნისგან დამზადებული ღვინო დარჩათ გაუსაღებელი, რუსული ბაზრით გამოწვეული სიხარულიც, არაადეკვატური აღმოჩნდა და წელს ვერც ბევრს იყიდიან, ვერც მეტს გადაიხდიან.

ივანიშვილი ძალაუფლების შესანარჩუნებლად არჩეულ თავდაპირველ ტაქტიკას არ ღალატობს - პრობლემების მოგვარებაზე ზრუნვის ნაცვლად, სარკეებს ამსხვრევს - იმ სუბიექტებს დევნის, ვინც მას ქვეყანაში არსებულ პრობლემებს ახსენებს, ანუ ოპოზიციას და მედიას. ივანიშვილმა დააყადაღა რუსთავის 2-ის ქონება, დახურა ინგა გრიგოლიას თოქშოუ იმედზე, გაირკვა ისიც, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის პოლიტიკური გადაცემის ავტორს სახელმწიფო ორგანოები უთვალთვალებდნენ, ახლა თითქოს გადაცემასაც უხურავენ ოპოზიციონერ პოლიტიკოსზე ქორწინების გამო.

კომენტარები