მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პრემიერმინისტრი წლევანდელ რთველს, გასულ ორ წელთან ერთად, უპრეცედენტოდ წარმატებულად მიიჩნევს, კახეთში მოსახლეობის ძირითადი განსახილველი თემა სწორედ რთველთან დაკავშირებული პრობლემებია. პრობლემა ბევრია - ყურძნის გასაყიდი ფასი, უკვე დაკრეფილი მოსავლის ჩაბარება, რიგები ქარხნებთან და ა.შ. თუმცა, მოსახლეობას ყველაზე მეტად მაინც შხამ-ქიმიკატების ფასი აღელვებს. ტაბულას მიერ გამოკითხული მევენახეების უმრავლესობას არ აქვს დათვლილი, რა უჯდება ერთი კილოგრამი ყურძნის მოვლა და შესაბამისად, რამდენი აქვს მოგება.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური მონაცემების მიხედვით, 8 სექტემბრის მდგომარეობით, მხოლოდ გურჯაანში 25 კომპანია აპირებს 2015 წლის სეზონზე ყურძნის ჩაბარებას. მიუხედავად ამისა, რამდენიმე ქარხანასთან ყურძნით დატვირთული მანქანების რიგები საათების, ხშირად კი დღეების განმავლობაში გრძელდება.