რთველი 2015

ღვინის ეროვნული სააგენტო: კახეთში რთველი შეფერხების გარეშე მიმდინარეობს

ტაბულა

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, რთველი კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში შეფერხების გარეშე მიმდინარეობს. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ 26 სექტემბრის 12.00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავდა 63,5 ათას ტონამდე ყურძენი. ღვინის ქარხნებში 8 ათასზე მეტმა მევენახემ ჩააბარა ყურძენი და მოსავლის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა რეგიონში 39 მლნ ლარს მიაღწია.

"25 სექტემბერს დღეღამურად გადამუშავდა 6 620 ტონა, რაც მიუთითებს, რომ რთველი კახეთში კვლავ აქტიურ ფაზაშია. ამ დროისთვის გადამუშავებულია თითქმის თანაბარი რაოდენობის რქაწითელი და საფერავი - 27-27 ათას ტონამდე, ასევე 1,7 ათასი ტონა კახური მწვანე და 7,4 ათას ტონამდე სხვა ჯიშის ყურძენი. ყველაზე დიდი რაოდენობით ყურძენი გადამუშავებულია გურჯაანის მუნიციპალიტეტში - 22 ათას ტონამდე. კახეთის რეგიონის დანარჩენი მუნიციპალიტეტების მონაცემები ასე გამოიყურება: თელავი - 12,5 ათასი ტონა, ყვარელი - 12,2 ათასი ტონა, სიღნაღი - 6,7 ათას ტონა, ლაგოდეხი- 5,1 ათასი ტონა, დედოფლისწყარო - 2 ათასი ტონა, ახმეტა - 1,5 ათასი ტონა და საგარეჯო - 1,7 ათასი ტონა" - აღნიშნულია ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

სააგენტოს ინფორმაციით, ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია ღვინის მწარმოებელი 59 კერძო კომპანია და ასევე სახელმწიფოს მიერ დაქირავებული 18 ღვინის საწარმო.

კომენტარები