ტერორიზმი

ისლამურმა სახელმწიფომ კავკასიაში საკუთარი პროვინციის შექმნის შესახებ განაცხადა

www.frontpagemag.com

ისლამურმა სახელმწიფომ კავკასიაში საკუთარი პროვინციის, ვილაიეთის დაარსების შესახებ გამოაცხადა, რომელიც ჩეჩნეთის, დაღესტნის, ინგუშეთისა და ყაბარდო-ბალყარეთის ტერიტორიას მოიცავს. განცხადება ამის თაობაზე ტერორისტული ორგანიზაციის ერთ-ერთმა ლიდერმა აბუ მოჰამად ალ ადნანიმ გააკეთა. ახალი ვილაიეთის მმართველად ამირი აბუ მოჰამადი გამოცხადდა. მანამდე ჩრდილო კავკასიაში მოქმედი დაჯგუფებების რამდენიმე მეთაურმა ისლამური სახელმწიფოს ერთგულების ფიცი დადო. 

"ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ის, რომ კავკასიელმა ისლამისტებმა გამოუცხადეს ერთგულება ისლამურ სახელმწიფოს. ეს არამხოლოდ კავკასიის პრობლემაა - მომდინარეობს ავღანეთიდან, კვეთს ცენტრალური აზიის ქვეყნებს, ახლო აღმოსავლეთს და, ფაქტობრივად, აფრიკასაც კი მოიცავს. ამ საფრთხესთან გამკლავების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია სტრატეგიული თანამშრომლობა და სტაბილურობა. ნიშანდობლივია, რომ სხვა რეგიონულმა კონფლიქტებმა არ უნდა გადაიტანონ ჩვენი ყურადღება ამ საფრთხისგან", - განაცხადა NATO-ს ევროპული ძალების სარდლის მოადგილემ ადრიან ბრედშოუმ. 

ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა დღეს თურქეთის საზღვართან მდებარე სირიის ქალაქ კობანეს შეუტიეს, რომელსაც ქურთი მებრძოლები აკონტროლებენ. ისლამისტებმა ჯერ თვითმკვლელი ტერორისტების მეშვეობით ქალაქთან ახლოს მდებარე საგუშაგოებზე აფეთქებები მოაწყვეს, შემდეგ კი ქალაქს სამი მხრიდან შეუტიეს. ბრძოლა ქალაქში გრძელდება. ისლამისტებმა კობანე იანვრის თვეში დაიკავეს, თუმცა, რამდენიმეთვიანი ბრძოლის შედეგად, ქურთებმა ისინი ქალაქიდან განდევნეს.   

 

კომენტარები