ზურაბ ადეიშვილის საქმე

ბესელია: ინტერპოლის მიერ ძებნის შეწყვეტა ადეიშვილის უდანაშაულობას არ ნიშნავს

ტაბულა

ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, ინტერპოლის მიერ იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილის ძებნილთა სიიდან ამოღება მის უდანაშაულობას არ ნიშნავს.  

"ადეიშვილმა ერთ-ერთ ქვეყანაში მიიღო ლტოლვილის სტატუსი და შესაბამისი პროცედურების თანახმად, ის ამოიღეს საერთაშორისო ძებნიდან ამ სტატუსის მინიჭების გამო. თუმცა, პასუხისმგებლობა, რომელიც მას დაეკისრა საქართველოს კანონმდებლობით, მას არ ეხსნება. ადეიშვილს წარდგენილი აქვს ძალიან მძიმე ბრალდებები და ის ამ ბრალდებებთან დაკავშირებით, განმარტებას არ იძლევა. მისი უდანაშაულობა კი, ერთადერთი, სადაც შეიძლება დადასტურდეს - ეს არის ქართული მართლმსაჯულება. ის, რომ ბატონი ადეიშვილი თავს არიდებს დღემდე გამოცხადებას და მართლმსაჯულების წინაშე წარდგომას, სასამართლო წესით თავისი უდანაშაულობის დადასტურებას, ეს მე პირადად მიღრმავებს და მიძლიერებს ეჭვებს. თავისთავად, სტატუსის მინიჭება და ძებნის პროცედურიდან ამოღება არ ნიშნავს, რომ ბრალეულობა მოეხსნა ადეიშვილს და ეს ბრალდებები გაქარწყლებულია. ეს არის სრულიად სხვა პროცედურა, პროკურატურა არ ყოფილა ამ პროცესში ჩართული. როდესაც მიიღეს გადაწყვეტილება ლტოლვილის სტატუსთან დაკავშირებით. ეს არის საერთაშორისო ნორმებით დარეგულირებული საკითხი. ლტოლვილის სტატუსის მიღების გადაწყვეტილებას უკავშირდება მასზე საერთაშორისო ძებნის შეწყვეტა. ეს სტატუსი არ ნიშნავს, რომ ადეიშვილი არის უდანაშაულო და წაყენებული ბრალდებები გაუქარწყლდა. ის პატიმრობაშეფარდებულ პირად რჩება საქართველოს კანონნმდებლობით", - განაცხადა ბესელიამ.

იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი ინტერპოლის მიერ ძებნილთა სიაში აღარაა. როგორც ცნობილია, დაცვის მხარემ მიმართა ინტერპოლს, რომ მოეხსნათ ზურაბ ადეიშვილი წითელი ცირკულარით ძებნილთა სიიდან, თუმცა ადვოკატს ოფიციალური დასტური ჯერ არ მიუღია.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ინტერპოლით ძებნილი ადეიშვილის ექსტრადირება უკრაინას რამდენჯერმე მოსთხოვა. თუმცა, უკრაინამ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. ზურაბ ადეიშვილს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. მის წინააღმდეგ საქართველოში 3 სისხლის სამართლის საქმის წარმოება მიმდინარეობს: ციხეში პატიმრის წამების საქმე, ქართუ ბანკის გაკოტრების საქმე და 7 ნოემბრისა და ტელეკომპანია იმედში უკანონო შეჭრის საქმე.

კომენტარები