ზურაბ ადეიშვილის საქმე

ღვინის ქარხნის ჩამორთმევის საქმეზე, ადეიშვილს პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლო
ფოკუსი / ტაბულა

თელავში მდებარე აკურას ღვინის ქარხნის იძულებით ჩამორთმევის საქმეზე, საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს ზურაბ ადეიშვილს დაუსწრებლად აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ამავე საქმეზე ბრალდებული ვანო მერაბიშვილის წინასასამართლო სხდომა 2016 წლის 12 იანვარს ჩაინიშნა.

მთავარმა პროკურატურამ ზურაბ ადეიშვილს და ივანე მერაბიშვილს ბრალი წარუდგინა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით, "2004 წელს ჩადენილი სისტემური დანაშაულისთვის". პროკურატურა ყოფილ მაღალჩინოსნებს მოქალაქეებისათვის ქონების იძულებით ჩამორთმევას ედავება. საგამოძიებო უწყების მტკიცებით, წინასწარ შეთანხმებული სქემით საქმეში მონაწილეობდნენ იმჟამინდელი სამართალდამცავი ორგანოები და ეროვნული ბანკი. შედეგად კი, პროკურატურის ვერსიით, დაზარალებულებს თეიმურაზ მეგრელიშვილს და ნოდარ მოდებაძეს იძულებით ჩამოართვეს თელავში მდებარე აკურას ღვინის ქარხანა.

საქმეზე გამოძიებას საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი აწარმოებს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები კი აცხადებენ, რომ ნოდარ მოდებაძემ სესხის გასტუმრება ვერ შეძლო და სახელმწიფოს ქარხანა მისცა.

"ბათუმის მორ-ბანკისგან ასლან აბაშიძის დავალებით ნოდარ მოდებაძემ მილიონი დოლარი გამოიტანა სესხად, აკურაში ღვინის ქარხნის ასაშენებლად. ვარდების და აჭარის რევოლიუციის შემდეგ ირაკლი ოქრუაშვილის გენ-პროკურორობის დროს, პროკურორმა გივი პაპუაშვილმა სესხის უკან დაბრუნება მოსთხოვა მოდებაძეს. მოდებაძემ - სესხის გასტუმრება არ შემიძლია, ქარხანა წაიღეთო და უკან დაუბრუნა სახელმწიფოს, სახელმწიფოსვე თანხებით აშენებული ქარხანა. ზემოთ ხსენებული პროკური გივი პაპუაშვილი 2013 წელს არჩილ კბილაშვილის მოადგილედ მუშაობდა, 2015 წელს კი აჭარის სუს-ის უფროსად დაინიშნა. კითხვა მდგომარეობს შემდეგში: სამართლებრივად რა კავშირი აქვს ამ ყველაფერთან მერაბიშვილს და ადეიშვილს?" - ამბობს ენმ-ის წევრი კობა სუბელიანი.

კომენტარები