ზურაბ ადეიშვილის საქმე

წულუკიანი: ადეიშვილს თავშესაფარი რომელმა ქვეყანამ მისცა, ჯერჯერობით უცნობია

თეა წულუკიანი

ჩვენ ამ ეტაპზე არ ვიცით, რომელმა ქვეყანამ დაიცვა და მიანიჭა თავშესაფარი ზურაბ ადეიშვილს, - ამის შესახებ იუსტიცის მინისტრმა თეა წულუკიანმა ინტერპოლის მიერ ძებნილთა სიიდან იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის ამოღების კომენტირებისას განაცხადა.

წულუკიანის თქმით, როდესაც ადამიანს პოლიტიკურ თავშესაფარს აძლევს რომელიმე ქვეყანა, ეს პროცედურა არის დაცული და არ არის საჯარო და, მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ ამ ეტაპზე არ იცის, რომელმა ქვეყანამ გააკეთა ეს.

"ჩვენ, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე, არ ვიცით, თუ რომელმა ქვეყანამ გააკეთა ეს, და რომელმა ქვეყანამ მიანიჭა თავშესაფარი და დაიცვა ადამიანი, რომელსაც სავარაუდოდ, ძალიან ბევრი ცუდი აქვს საქართველოში გაკეთებული. პროკურატურამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს ადამიანი წითელ ცირკულარში ყოფილიყო შეტანილი, თუმცა როგორც აღმოჩნდა, არის ქვეყანა, ვინც თავშესაფარი გასცა და მოახსნევინა ინტერპოლს ადეიშვილი ძებნიდან. ის წერილი, რომელიც ინტერპოლისგან არის მიღებული, სწორედ აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ თავშესაფრის სტატუსის გამო მოხსნილია ეს ადამიანი ძებნიდან. რა თქმა უნდა, ქართულ საზოგადოებას აქვს უფლება იცოდეს, რომელმა ქვეყანამ გააკეთა ეს", - განაცხადა წულუკიანმა.

კომენტარები