ზურაბ ადეიშვილის საქმე

კახიძე: ადეიშვილი ცირკულარიდან ლტოლვილის სტატუსის გამო არ მოუხსნიათ

თეორემა/ტაბულა

ადვოკატ ოთარ კახიძის განცხადებით, იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი წითელი ცირკულარიდან ლტოლვილის სტატუსის გამო არ მოუხსნიათ. როგორც კახიძემ აღნიშნა, მაშინ, როცა ინტერპოლმა ადეიშვილზე ძებნა გამოაცხადა, იუსტიციის ყოფილ მინისტრს უკვე ჰქონდა ლტოლვილის სტატუსი. 

"პროკურატურამ განაცხადა, რომ თითქოს ლტოლვილის სტატუსის გამო მიიღო ინტერპოლმა ეს გადაწყვეტილება. მინდა გითხრათ, რომ როდესაც ზურაბ ადეიშვილის დასვეს ცირკულარზე, მას უკვე ჰქონდა ლტოლვილის სტატუსი და ახლა ამ მიზეზით არ მოუხსნიათ. მესმის, რომ პროკურატურა ძალიან უხერხულ მდგომარეობაშია. ინტერპოლმა მიიჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილის დავალებით მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებში ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟის, იუსტიციის ყოფილი მინისტრის მიმართ არსებული მტკიცებულებები არასაკმარისია და მისი სისხლის სამართლებრივი დევნა შესაძლოა პოლიტიკურ მოტივაციას უკავშირდებოდეს" - განაცხადა კახიძემ.

იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი ინტერპოლის მიერ ძებნილთა სიაში აღარ არის. საქართველოს პროკურატურის განცხადებით, ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ ადეიშვილის მიმართ საერთაშორისო ძებნის გაუქმების ძირითად საფუძვლად მიუთითა ქართული მხარისათვის უცნობი ერთ-ერთი სახელმწიფოს მიერ იუსტიციის ყოფილი მინისტრისთვის მინიჭებული ლტოლვილის სტატუსი. 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ინტერპოლით ძებნილი ადეიშვილის ექსტრადირება უკრაინას რამდენჯერმე მოსთხოვა. თუმცა, უკრაინამ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. ზურაბ ადეიშვილს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. მის წინააღმდეგ საქართველოში 3 სისხლის სამართლის საქმის წარმოება მიმდინარეობს: ციხეში პატიმრის წამების საქმე, ქართუ ბანკის გაკოტრების საქმე და 7 ნოემბრისა და ტელეკომპანია იმედში უკანონო შეჭრის საქმე.

კომენტარები