ზურაბ ადეიშვილის საქმე

საგანელიძე: პროკურატურის დამსახურებაა ადეიშვილის საქმის შექმნა

ტაბულა

ინტერპოლის მიერ ძებნილთა სიიდან იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილის ამოღებასთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით საგანელიძე კომენტარს აკეთებს. მისი თქმით, გასარკვევია, რატომ ამოიღეს სიიდან.

"ვერ ვიტყვი, რომ ეს ჩვენი პროკურატურის სისუსტეა. ჩვენი პროკურატურის დამსახურებაა, რომ შეიქმნა ეს საქმე, რის გამოც ის იყო ძებნილი. ვფიქრობ, რომ უნდა იყოს კიდეც. თუ რა არის მიზეზი რომ ამოიღეს, ალბათ, ამას სჭირდება გარკვევა. თუ ვერ გაირკვა და ვერ ივაჟკაცეს, მაშინ შეიძლება, სისუსტეზე ვისაუბროთ. რა თქმა უნდა ასეთი პიროვნება უნდა იყოს ძებნილი", - თქვა საგანელიძემ.

იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი ინტერპოლის მიერ ძებნილთა სიაში აღარაა. ჯერჯერობით უცნობია, შეწყდა თუ არა მისი ძებნა. როგორც ცნობილია, დაცვის მხარემ მიმართა ინტერპოლს, რომ მოეხსნათ ზურაბ ადეიშვილი წითელი ცირკულარით ძებნილთა სიიდან, თუმცა ადვოკატს ოფიციალური დასტური ჯერ არ მიუღია.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ინტერპოლით ძებნილი ადეიშვილის ექსტრადირება უკრაინას რამდენჯერმე მოსთხოვა. თუმცა, უკრაინამ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

ზურაბ ადეიშვილს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. მის წინააღმდეგ საქართველოში 3 სისხლის სამართლის საქმის წარმოება მიმდინარეობს: ციხეში პატიმრის წამების საქმე, ქართუ ბანკის გაკოტრების საქმე და 7 ნოემბრისა და ტელეკომპანია იმედში უკანონო შეჭრის საქმე.

კომენტარები