თბილისის საკრებულო

პერსონალური ავტომანქანების გაუქმების ინიციატივა კომისიამ უარყოფითად შეაფასა

ალეკო ელისაშვილი
ნეტგაზეთი

იურიდიულ საკითხთა კომისიამ უარყოფითი დასკვნა მისცა თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის ალეკო ელისაშვილის ინიციატივას, რომელიც საკრებულოს წევრთათვის პერსონალური ავტომანქანების გაუქმებასა და საერთო სამსახურებრივი ავტოპარკის შემოღებას გულისხმობს. სხდომაზე მყოფმა საკრებულოს წევრებმა განსაკუთრებით ალეკო ელისაშვილის შეთავაზების ის ნაწილი დაიწუნეს, რომელიც გულისხმობდა მანქანებით მხოლოდ სამუშაო საათებში სარგებლობას, ასევე მათ გამოყენებას საღამოს 6 საათამდე, შაბათ-კვირას კი - საერთოდ გაჩერებას. ელისაშვილი ამბობს, რომ მხოლოდ შაბათ-კვირას მანქანების მუშაობის შეჩერებით ასი ათას ლარზე მეტის დაზოგვაა შესაძლებელი. დამოუკიდებელი დეპუტატის ინიციატივას მხარი მხოლოდ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა ირაკლი აბესაძემ დაუჭირა.

ელისაშვილის ინიციატივა საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ თედო კობახიძემ პოპულისტურად მიიჩნია, სარევიზიო კომისიის თავმჯდომარის ნუგზარ მალაღურაძის განმარტებით კი, ამ საკითხთან დაკავშირებით საკრებულო ალტერნატიულ პროექტზე მუშაობს და ის საზოგადოებისთვის ცნობილი მალე გახდება.

ელისაშვილის თქმით, საკრებულო მის ინიციატივას მომავალ სხდომაზე განიხილავს. 

კომენტარები