თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმე

სესიაშვილი: ალასანიამ გაჩენილი წყენა უნდა დაივიწყოს და საქმიანობა გააგრძელოს

ირაკლი სესიაშვილი
primetimenews.ge

ალასანიამ გაჩენილი წყენა გვერდზე უნდა გადადოს და თავისი საქმიანობა გააგრძელოს, - ამის შესახებ  ტელეკომპანია იმედის ეთერში თავდაცვისა და უსაფრთხოების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.

სესიაშვილის თქმით, ალასანიამ თუნდაც პოლიტიკური მოტივებით გაჩენილი წყენა უნდა დაივიწყოს და საქმეზე კონცენტრაცია მოახდინოს.
"მე პირადად მივიჩნევ, რომ ირაკლიმ უნდა გააგრძელოს თავისი საქმიანობა. ის სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას. მან ამ შემთხვევაში გვერდზე უნდა გადადოს, თუნდაც, გარკვეულწილად, პოლიტიკური მოტივით მის აზროვნებაში გაჩენილი წყენა და მაქსიმალურად მოახდინოს კონცენტრაცია თავის საქმიანობაზე. უელსის სამიტის შედეგად ჩვენ მნიშვნელოვანი პაკეტი მივიღეთ და მისი იმპლემენტაციის პროცესში ირაკლი ალასანიას დიდი როლი აკისრია", - განაცხადა სესიაშვილმა.

სესიაშვილის განცხადებით, პროკურატურა დამოუკიდებელი სტრუქტურაა და ეს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების დაკავების ფაქტმაც დაადასტურა.

"ეს ყველაფერი მანიშნებელია იმის, რომ პროკურატურა დამოუკიდებელი ორგანოა. რა თქმა უნდა, პოლიტიკურად შეიძლება არ ჩანდეს ლამაზად, რომ დააკავო მაღალჩინოსნები მაშინ, როცა მინისტრი ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტით იმყოფება საფრანგეთსა და გერმანიაში, შეიძლება ეს მომგებიანი არ ყოფილიყო, მაგრამ ამით ხაზს ვუსვამთ და ვაანალიზებთ, რომ პროკურატურა დამოუკიდებელი ორგანოა და მას ჩვენ გრაფიკს ვერ დავუყენებთ, ესა თუ ის მინისტრი უცხოეთში იმყოფება და ესა თუ ის საქმე გააჩერეთ-თქო. პოლიტიკურად მოტივირებული ის იქნებოდა, რომ პროკურატურა მის საქმეს პოლიტიკურ სპექტრს დაკითხოდა", - განაცხადა სესიაშვილმა.

კომენტარები