თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმე

პეტრიაშვილი: პროკურატურა იძულებული გახდა, საქმის მასალებისთვის გრიფი მოეხსნა

თავისუფალი დემოკრატების გენერალური მდივნის ალექსი პეტრიაშვილის შეფასებით, პროკურატურა იძულებული გახდა, გრიფის მოხსნის შესახებ მოთხოვნა გაეთვალისწინებინა. მისი თქმით, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმის მასალებისთვის გრიფის მოხსნა გამოძიებისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია.

"ირაკლი ალასანიას, თავისუფალი დემოკრატების, სამოქალაქო საზოგადოების, საერთაშორისო თანამეგობრობის ერთობლივი ძალისხმევა წარმატებებით დაგვირგვინდა, პროკურატურა იძულებული გახდა, ეს მოთხოვნა გაეთვალისწინებინა და დღეს უკვე დოკუმენტების აბსოლუტურ უმრავლესობას მოხსნილი აქვს გრიფი. ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი სამართლიანობის დადგენისკენ. დარწმუნებული ვარ, ადვოკატები შეისწავლიან რა საკითხს ყოველგვარი შოუების გარეშე, ისინი ძალიან სწრაფად დაადგენენ სიმართლეს, დაიცავენ ბრალდებულებს და მათ უდანაშაულობას დაამტკიცებენ სასამართლოზე. ამას შემდგომში აუცილებლად მოჰყვება იმ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებმაც მოტივაციის გარეშე დააკავეს უდანაშაულო ადამიანები", - განაცხადა პეტრიაშვილმა და აღნიშნა, რომ გრიფის მოუხსნელობა იყო დროის გაწელვის უშედეგო მცდელობა.

"ყოველთვის მოვუწოდებდით, რომ რაც მალე განასაიდუმლოებენ დოკუმენტებს, მით მალე გამოვლენ ამ ჩიხიდან. მესმის, რთულია აღიარება, რომ ამდნი ხნის მანძილზე ცდილობდნენ პროცესის ხელოვნურად გაჭიანურებას და ადვოკატებისთვის ხელის შეშლას. მაგრამ ვერაფერი ვერ აღუდგება წინ სიმართლის დადგენას და ადამიანების უდანაშაულობის დატკიცებას", - განაცხადა თავისუფალი დემოკრატების აღმასრულებელმა მდივანმა.

ე.წ. კაბელების საქმის მასალების დიდ ნაწილს საიდუმლო გრიფი დღეს მოეხსნა. როგორც მთავარ პროკურატურაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს, გრიფი საიდუმლო საქმის მასალების მხოლოდ 7%-ზე დარჩა. 

მთავარი პროკურატურის განცხადებით, კონტრდაზვერვის დასკვნის საფუძველზე, მთავარი პროკურატურის, თავდაცვის სამინისტროს და კონტრდაზვერვის თანამშრომლების ერთობლივი მუშაობით, საიდუმლო და არასაიდუმლო მასალები ერთმანეთისგან გაიმიჯნა და აღნიშნული გადააწყვეტილებაც სწორედ ამის შემდეგ იქნა მიღებული. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, საიდუმლო გრიფი თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით მხოლოდ იმ მასალებს არ მოეხსნა, რომელიც სამხედრო უსაფრთხოებას უკავშირდება. პროკურატურა საჯარო მასალებს დაცვის მხარეს გადაუგზავნის.

ცნობისთვის, ე.წ. კაბელების საქმეზე თავდაცვის სამინისტროს ხუთი მაღალჩინოსანია დაკავებული. მათ ადვოკატებს საქმის მასალების გაცნობის საშუალება არ ჰქონდათ. ისინი დოკუმენტაციის გადაცემას ითხოვდნენ, პროკურატურა კი მათ მასალების უწყების შენობაში გაცნობას სთავაზობდა. 

კომენტარები