თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმე

ე.წ კაბელების საქმეზე პროკურატურამ საგამოძიებო ვადის გადაწევა მოითხოვა

თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმეზე პროკურატურამ საგამოძიებო ვადის ორი თვით გადაწევა მოითხოვა. ადვოკატ სოსო ბარათაშვილის თქმით, ბრალდების მხარემ სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით წინასასამართლო სხდომის 2015 წლის 10 თებერვალამდე გადადების შესახებ. ადვოკატის შეფასებით, პროკურატურა ბრალდების დასაბუთების საფუძვლებს ახლა ეძებს და სხდომის გადადება სწორედ ამ მოტივით მოითხოვა. დაკავებულების ადვოკატები აპირებენ, სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით მიმართონ. 

"ჩვენ საქმის სრულყოფილად შესწავლის წინააღმდეგი, ცხადია, არ ვართ, მაგრამ გვიჩნდება კითხვა - რა საჭიროა ბრალდებულების ციხეში ყოფნა. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მათი ციხეში ყოფნის საჭიროება არ არსებობს, ამიტომ პროცესის გადადების თაობაზე სასამართლოს განჩინების შემდეგ, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში, ჩვენ მივმართავთ სასამართლოს შუამდგომლობით, აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე", - უთხრა სოსო ბარათაშვილმა ინტერპრესნიუსს. 

პროკურატურა კი, თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამდებობის პირების საქმეზე წინასასამართლო სხდომის ორი თვით გადადების შუამდგომლობას, საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობით ხსნის. მთავარი პროკურატურის განმარტებით, საგამოძიებო პროცედურები გრძელდება და პროცესის გადადება სტანდარტული პროცედურაა. 

მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს ხუთი მაღალჩინოსანი 28 ოქტომბერს დააკავა. მათ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872 ლარის გაფლანგვა ედებათ ბრალად.

 

 

კომენტარები