საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილის თქმით, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმე ჩვეულებრივი სისხლის სამართლის საქმე არ არის. მისი მტკიცებით, თავდაცვის სისტემის კავშირგაბმულობით უზრუნველყოფის საკითხი ქვეყნის უსაფრთხოების თემაა და მას ყველას მხრიდან სათანადო მოპყრობა სჭირდება. ამის შესახებ მან საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისაუბრა.
"თავდაცვის სისტემის კავშირგაბმულობით უზრუნველყოფის საკითხი ეს არის ქვეყნის უსაფრთხოების თემა და სათანადო მოპყრობა სჭირდება მას ყველას მხრიდან. საკითხი, პირველ რიგში უნდა მივიდეს ლოგიკურ დასასრულამდე გამჭვირვალე, ღია, დამოუკიდებელი გამოძიების გზით. ამ პირების უდანაშაულობის თაობაზე ჩემი კოლეგა, მეგობარი და თანამებრძოლი ირაკლი ალასანია ასე დარწმუნებულია, რომ უდანაშაულოები არიან, მე მჯერა, რომ მას აქვს საფუძველი ასე სჯეროდეს. პროკურატურა იმიტომ არსებობს, რომ თუ აქვს საფუძველი უნდა დასვას კითხვები, მე არ მივიჩნევ, რომ ყოველთვის საპატიმრო ზომაა გამოსაყენებელი როდესაც ბრალს წაუყენებენ, ესეც არ არის ჩემი საქმე - მოსამართლის და პროკურორის გადასაწყვეტია, მთავარია, რომ ამ პირთა უფლებები იყოს დაცული და სამართლიანი სასამართლო შედგეს, ამით კი - ავიცილოთ უფრო მეტი ზიანი. უფრო მეტი ზიანი იქნება, თუკი ეს რაიმე ფორმით პოლიტიკურ ელფერს შეიძენს და დავინახავთ იმას, რისი დანახვაც არ მინდა, რომ აქ ყველაფერი ისე არ არის, როგორც უნდა იყოს", - განმარტა დავით უსუფაშვილმა.
უსუფაშვილი დღეს პოლიტსაბჭოს სხდომას ესწრებოდა, სადაც აღნიშნულ საკითხზე ისაუბრეს. მისი თქმით, ამ საქმეზე, სავარაუდოდ, მეტი ინფორმაცია გახდება საჯარო. "ვიმედოვნებ, ეს საქმე კონსტიტუციის და კანონის ფარგლებში ბოლომდე იქნება მიყვანილი ჩვენი თავდაცვისუნარიანობის, პოლიტიკური სისტემის და თავდაცვის სისტემის დაუზიანებლად", - თქვა უსუფაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარე სამართალდამცველებისგან, პროკურორებისგან მეტ პასუხისმგებლობას ელის.
"როდესაც დილით აფრინდა თავდაცვის მინისტრის თვითმფრინავი და იგი საფრანგეთსა და გერმანიაში NATO-ს საკითხებზე კოლეგებთან შეხვედრაზეა, ჩემი აზრით, არ არის ეს სწორი საქციელი, რომ ამ ვითარებაში ბერლინში ან პარიზში მინისტრმა პირველ ნიუსად, მისი თანამშრომლების დაკავების შესახებ შეიტყოს. პროკურორს მე ვერ ვეტყვი, რა უნდა გააკეთოს, მაგრამ ის როდესაც ებრძვის კორუფციას, ისიც უნდა იცოდეს, რომ რაღაც მნიშვნელოვანი არ დააზიანოს. არ მინდა დავიჯერო, რომ ვინმემ სპეციალურად, ალასანია რომ გაფრინდა მაშინ გამოიტანა ეს საკითხი საჯაროდ. რომ გავითვალისწინოთ ამ ტიპის საკითხები და თავიდან ავიცილოთ ზედმეტი აჟიოტაჟები, რა თქმა უნდა, სწორი და კარგი იქნება", - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
დღეს კოალიცია ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ, ირაკლი ალასანიას კომენტარი არ გაუკეთებია. თავდაცვის მინისტრმა, გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ, აეროპორტში განაცხადა, რომ მისი თანამშრომლების უდანაშაულობაში დარწმუნებულია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 4 მილიონ ლარზე მეტი საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაში ბრალდებულ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს აღკვეთის ღონისძიებად წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. საქმეს გრიფი საიდუმლო ადევს. ხუთივე დაკავებულს თავდებად უდგებოდნენ თავდაცვის მინისტრის და გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილეები. ადვოკატებმა საქალაქო სასამართლოს გადაწყევტილება დღეს გაასაჩივრეს. დღის ბოლოს თავდაცვის სამინისტრომ სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც საქმის მასალების ნაწილის განსაჯაროებას ითხოვენ. უწყება აღნიშნული მოთხოვნით პროკურატურას ორშაბათს მიმართავს.





