დევიდ კრამერი

ბესელია კრამერის განცხადებაზე: ცოტა მეტი ანალიზი და კვლევა სჭირდება ყველას

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ მას, ვინც იანუკოვიჩისა და საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას შორის პარალელს ავლებს, ცოტა მეტი ანალიზი და კვლევა სჭირდება. აღნიშნული კომენტარი ბესელიამ არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House-ის პრეზიდენტის დევიდ კრამერის განცხადების პასუხად გააკეთა, სადაც მან ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალის წარდგენასთან დაკავშირებით თქვა: "იქმნება შთაბეჭდილება, რომ სწორედ ასე იქცეოდა იანუკოვიჩი იულია ტიმოშენკოს წინააღმდეგ".

"რა თქმა უნდა, არ ვიზიარებ, რა თქმა უნდა, მიმაჩნია, რომ ეს სრულიად სხვადასხვა მოვლენაა. ცოტა მეტი ანალიზი და კვლევა სჭირდება ყველა იმ ადამიანსა თუ სტრუქტურას, რომელიც ასეთ დასკვნას აკეთებს. იმიტომ, რომ ვინც იცის ამ ცხრა წლის განმავლობაში რა მასშტაბის დანაშაულებებს ჰქონდა ადგილი, რა მოცულობის იყო ეს სისტემური დანაშაული, რომელიც შეეხო ათასობით ადამიანს და რამდენად შემზარავი იყო ძალადობის ის ფაქტები, რასაც სჩადიოდნენ, მე წარმოუდგენლად მიმაჩნია ასეთი პარალელების გავლება.

იგივე ქარდავას ამბავი, სამხედრო ოფიცერს რომ გაიტაცებენ, შუა ზღვაში გაიყვანს ძალოვანი უწყების თანამდებობის პირი, ფეხზე მოაბამს ბეტონის ფილას და მოკლავს და ზღვაში გადააგდებს. ამ დანაშაულში მონაწილეობდა რამდენიმე სტრუქტურა სამართალდამცველების. ეს რომ გაიაზრო, რა შემზარავ სისტემასთან გვქონდა საქმე, სადაც ადამიანებს ხოცავდნენ ისე, როგორც არაფერი, მე არ ვიცი ასეთი პარალელები როგორ უნდა გააკეთო. ამიტომ ყველამ უნდა გაიაზროს კარგად და დაინახოს რა სისტემასთან გვქონდა საქმე და რას ჩადიოდნენ ეს ადამიანები, რომლებიც სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობების პირები იყვნენ. ამიტომ მიმაჩნია, რომ ეს შურისძიება კი არ არის და პოლიტიკური დევნა რა თქმა უნდა არ არის, ეს არის სამართლის აღსრულების პროცესი და თუ ეს არ მოხდა, ვერასდროს ქვეყანა ვერ დამშვიდდება, იმიტომ რომ ათასობით ადამიანი ელოდება, რომ მინიმალური პასუხი მიიღოს იმ უსამართლობასა და ძალადობაზე, რაც ხდებოდა. და სახელმწიფო უნდა შედგეს მაშინ, როდესაც იწყებს ასეთ ფაქტებზე გამოძიებას და მას აქვს ამის უნარი და რესურსი, რომ რეაგირება მოახდინოს და დამნაშავეები დასაჯოს. ეს არის პრევენცია, რომ არასდროს გამეორდეს ის, რაც ხდებოდა", - განაცხადა ბესელიამ.

კომენტარები