დევიდ კრამერი

კრამერი: პომპეოს ქართულ ოპოზიციასთან შეხვედრები დაგეგმილი არ აქვს, ეს მთავარი შეცდომაა

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ, ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის მკვლევარმა, დევიდ კრამერმა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს, საქართველოში ვიზიტის შესახებ წერილი გამოაქვეყნა

"მაშინ, როდესაც საქართველო არჩევნების მეორე ტურისთვის ემზადება, დაძაბულობა მაღალია. ოპოზიცია და მოქმედი კანდიდატები ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან და გრძელდება მოწოდებები საარჩევნო [კომისიის] მაღალი რანგის პირის გადაყენების შესახებ. მეორე ტურის შედეგებზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. პირველი ტურის კრიტიკოსები [ხმების] ხელახალ დათვლას ითხოვენ, თუ არა და პირდაპირ ახალ არჩევნებს. კავკასიის ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ამერიკელებისთვის ძალიან ნაცნობია". - წერს კრამერი.

ის აღნიშნავს, რომ პომპეოს ვიზიტი ვიცეპრეზიდენტ მაიკ პენსის 2017 წლის ზაფხულში ვიზიტის შემდეგ ყველაზე მაღალი დონის ვიზიტია ქვეყანაში და ეს "არასტაბილურ დროს, როგორც საქართველოსათვის, ისე აშშ-სთვის და საქართველოს მიმართ აშშ-ს პოლიტიკის ძირის გამოთხრას რისკავს, თუ ამას ფრთხილად არ მოეკიდებიან".

ავტორი აღნიშნავს, რომ საქართველო ევრაზიის რეგიონში ყველაზე პროდასავლური სახელმწიფო, მყიფე დემოკრატიის კუნძული იყო ავტორიტარიზმისა და არასტაბილურობის ზღვაში. 

"ბოლოდროინდელი დაპირისპირება საქართველოს მეზობლებს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის და თითქმის 2000-კაციანი რუსი სამშვიდობო ძალების განლაგება სამხრეთ კავკასიაში ხაზს უსვამს იმ არასაიმედო მდგომარეობას, რომელშიც საქართველო იმყოფება". - წერს კრამერი.

დევიდ კრამერი ამბობს, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში საქართველო საპარლამენტო არჩევნების გამო პოლიტიკურ კრიზისში აღმოჩნდა და არჩევნების შემდგომი მოვლენების შესახებ წერს.

როგორც კრამერი აღნიშნავს, 31 ოქტომბრის არჩევნები ნამდვილად ხარვეზიანი იყო, რაც აისახა როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებებში - "პატივსაცემი ადგილობრივი დამკვირვებლები, როგორიცაა საერთაშორისო გამჭვირვალობა, კიდევ უფრო მკაცრები იყვნენ თავიანთ შეფასებებში."

"შეერთებული შტატები, რა თქმა უნდა, საკუთარ დაპირისპირებაშია, სადაც პრეზიდენტი ტრამპი არჩეულ პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან დამარცხებას არ აღიარებს. ეს არ უტოვებს აშშ-ს ოფიციალურ წარმომადგენლებს მყარ საფუძველს, სხვა ქვეყნების არჩევნებზე აზრი გამოთქვან. პომპეო, რომელზეც სახელმწიფო დეპარტამენტის გენერალური ინსპექტორის მიერ რამდენიმე გამოძიება მიმდინარეობს, ვერ დაეხმარა საკითხს გასულ კვირას, როდესაც მან აბსურდულად განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებში ნახავენ "შეუფერხებლად გადასვლას ტრამპის მეორე ადმინისტრაციაზე". ამგვარი განცხადებები აშშ-ს არჩევნების სათანადოდ აღიარებული შედეგების საწინააღმდეგოდ ძირს უთხრის მის სანდოობას, სხვა ქვეყნებში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებები წაახალისოს. მას სახელმწიფო დეპარტამენტისთვის არ მოუტანია ის მედიდურობა, რომლის მოტანის პირობაც დადო და ამის ნაცვლად თავმდაბლობა უნდა განიხილოს". – წერს ის.

კრამერი წერს, რომ მიუხედავად ამისა, ქართველები პომპეოს თითოეულ სიტყვას ყურადღებით მოუსმენენ.

"მისი განრიგი მოიცავს თბილისში შეხვედრებს მხოლოდ მთავრობის წარმომადგენლებთან, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებთან და საქართველოს პატრიარქთან. მას არ აქვს დაგეგმილი შეხვედრები ქართულ ოპოზიციასთან. ეს მთავარი შეცდომაა". - აღნიშნა მან.

ის აღნიშნავს, რომ პომპეო უნდა შეხვდეს ყველა პარტიის წარმომადგენლებს, გარდა პატრიოტთა პრორუსული ალიანსისა. კრამერი ხაზს უსვამს იმას, რომ სადავო არჩევნების ტურებს შორის ჩამოსვლა, რომელიც ამ შაბათს გაიმართება, და ყველა მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოთამაშესთან შეხვედრის არ გამართვა შექმნის შთაბეჭდილებას, რომ პომპეო და შეერთებული შტატების მმართველი, ქართული ოცნების მხარეს იჭერენ.

"პომპეო რისკავს ამერიკის პოზიციის დისკრედიტაციას 50%-ზე მეტ მოსახლეობაში, რომლებმაც ხმა არ მისცეს ქართულ ოცნებას.

ის ასევე კარგავს შესაძლებლობას, რომ მთავარი როლი შეასრულოს მთავარი მხარეების კომპრომისისკენ წახალისებაში. შეერთებულ შტატებს დიდი ხანია, დიდი გავლენა ჰქონია საქართველოში შექმნილ ვითარებაზე, 1991 წლიდან დამოუკიდებლობის აღდგენიდან და არ უნდა დაუშვას არასტაბილურ რეგიონში ახალშობილი დემოკრატია ერთპარტიული მთავრობა გახდეს, რაც რუსული დირექტივების მიმართ უფრო მოწყვლადს გახდის". - წერს კრამერი.

როგორც დევიდ კრამერი წერს, ეს ხელს არ აძლევს იმას, რომ ქართული პოლიტიკა გახდა ჰიპერპიროვნული, რომ ქართული ოცნების ფრაქციაში დომინირებს ოლიგარქი და ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი, ხოლო მთავარ ოპოზიციურ პარტიაში, ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში, მიხეილ სააკაშვილი, ყოფილი პრეზიდენტი და უკრაინაში ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი - "მართლაც, ქვეყნის წინაშე მდგარ მთავარ გამოწვევებს, მათ შორის პანდემიას, ეკონომიკას, რუსეთის მუდმივ საფრთხეს და საქართველოს მისწრაფებებს ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში შესასვლელად ხშირად მხოლოდ ორი პიროვნება გადაფარავს. (ამერიკელებისთვის ესეც შეიძლება ნაცნობი აღმოჩნდეს.)"

დევიდ კრამერი წერს, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ქართული ოცნების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები შეხვდნენ აშშ-ს ელჩს, კელი დეგნანის რეზიდენციაში ევროკავშირის წარმომადგენლებთან ერთად, რაც კომპრომისის იმედებს ამყარებს.

ის აღნიშნავს, რომ პომპეო თბილისში დაძაბულ ვითარებას ვერ შეხედვას ისე, როგორც ამაო გამოსამშვიდობებელი ტურის ნაწილს.

"მან უნდა გაითვალისწინოს ამერიკის მხრიდან დემოკრატიის მხარდაჭერა, გააფართოოს თავისი მარშრუტი, შეხვდეს ყველა მთავარ პოლიტიკურ ლიდერს, არამხოლოდ მთავრობის წარმომადგენლებს და წაახალისოს ყველა მხარე, რომ მიაღწიონ დამაკმაყოფილებელ რეზოლუციას. ამერიკის ინტერესები საქართველოში და ფართო რეგიონში, ისევე როგორც საქართველოს მომავალი, ამაზეა დამოკიდებული". - წერს დევიდ კრამერი.

კომენტარები