დევნილები

ფანჯიკიძე: დევნილთა დაბრუნების უფლებას სულ უფრო მეტი სახელმწიფო უჭერს მხარს

საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების, მათი საკუთრების უფლების აღდგენის საკითხებში საქართველოს სულ უფრო და უფრო მეტი სახელმწიფო უჭერს მხარს. მინისტრმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე აფხაზეთიდან და ცხინვალიდან ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ რეზოლუციის კენჭისყრის შედეგები დადებითად შეაფასა და ყველა მხარდამჭერ ქვეყანას მადლობა გადაუხადა.

"ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი გამარჯვება. 69 მომხრე, მხოლოდ 13 მოწინააღმდეგე და 79-მა ქვეყანამ თავი შეიკავა. მინდა გითხრათ, რომ შარშან ჩვენ გვქონდა 62 დადებითი ხმა, 16 უარყოფითი, რაც იმას ნიშნავს, რომ 7 ხმით გაიზარდა მომხრეთა რაოდენობა წელს და სამით შემცირდა მოწინააღმდეგეთა რაოდენობა. ასევე შემცირებულია იმ ქვეყნების რაოდენობა, რომლებმაც თავი შეიკავეს. შარშან იყო 84 ქვეყანა, წელს კი არის 79", - აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ და დასძინა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა "დაუღალავად იმუშავეს იმისთვის, რომ რეზოლუციასთან დაკავშირებით ქვეყანას ეს შედეგები ჰქონოდა".

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ჯერჯერობით, მისთვის უცნობია, თუ რომელმა ქვეყნებმა მისცეს ხმა რეზოლუციას. 

გუშინ, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 68-ე სესიაზე საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ რეზოლუცია 69 ხმით 13-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. გენერალურმა ასამბლეამ „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ" რეზოლუციის მიღებით კვლავ დაადასტურა დევნილთა ფუნდამენტური უფლებები. ასამბლეამ რეზოლუცია უკვე მეშვიდედ მიიღო.

კომენტარები