დამოუკიდებლობის დღე

ირაკლი ღარიბაშვილმა ჯარისკაცებს 26 მაისი მიულოცა

საქართველოს პრემიერმინისტრმა 26 მაისი წვევამდელებს, შეიარაღებულ ძალებს და ოფიცრებს მიულოცა.

თავისუფლების მოედანზე 26 მაისისადმი მიძღვნილ ცერემონიალზე ტრიბუნა ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდლის გიორგი მარგველაშვილის შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილმა დაიკავა.

"ყველას გილოცავთ 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი თარიღი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, ეს არის დღე, რომელმაც 96 წლის წინ თავისუფლება მოუტანა ჩვენს სამშობლოს. დღევანდელი დღე განსაკუთრებულად მინდა მივულოცო ჩვენს წვევამდელებს. დღეს თქვენ საზეიმოდ დებთ ფიცს ქვეყნისა და ხალხის წინაშე. დღეს თქვენ სამშობლოს ჯარისკაცები ხდებით, დღეიდან თქვენ სამშობლოს სადარაჯოზე, ხალხისა და ქვეყნის სამსახურში დგებით. გერქვას საქართველოს ჯარისკაცი, უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობაა. მჯერა, რომ თქვენ წარმატებით შეასრულებთ ჯარისკაცის რთულ, საპატიო მისიას და პირნათლად მოიხდით ვალს ჩვენი სამშობლოს წინაშე. მებრძოლი სული და სამშობლოს სიყვარული - აი, ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად სჭირდება ჯარისკაცს და მჯერა, რომ თითოეული თქვენგანი სწორედ ამ სულისკვეთებით იწყებს სამხედრო სამსახურს. დღევანდელი დღე მინდა მივულოცო ჩვენს შეიარაღებულ ძალებს, თითოეულ ჯარისკაცს და ოფიცერს, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავენ ჩვენს სამშობლოს, ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივ ინტერესებს. საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს განსაკუთრებული პატივითა და მოწიწებით მინდა გავიხსენო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლასა და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაღუპული ჩვენი ჯარისკაცები, ჩვენი გმირები. ქედს ვიხრი მათი უკვდავი სახელების წინაშე", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და წვევამდელებს უსურვა, "არასოდეს გაგნელებოდეთ ვაჟკაცური შემართება და სამშობლოს სიყვარული".

სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პრემიერმინისტრმა საერთაშორისო მისიებში მონაწილე ჯარისკაცებსაც მიმართა.

"საქართველო მონაწილეობს საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში და ჩვენი პარტნიორი და მეგობარი ქვეყნების ჯარების მხარდამხარ ვიბრძვით მსოფლიოში მშვიდობისათვის. ამიტომ მინდა განსაკუთრებულად მივესალმო და მივულოცო 26 მაისი საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილე ჩვენს სამხედროებს, რომლებსაც ახლა ყველაზე საპატიო მისია აკისრიათ - ისინი საქართველოს სახელმწიფოს და ჩვენი შვილების მომავალს იცავენ უცხო მიწაზე. ჩვენი გმირი სამხედროების განსაკუთრებულ თავდადებასა და ბრძოლისუნარიანობას ყველა ერთხმად აღიარებს მთელ მსოფლიოში და ჩვენ ეს ძალიან გვეამაყება!" – განაცხადა ღარიბაშვილმა.

თავისუფლების მოედანზე 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მიმდინარეობს. ოფიციალური ნაწილი თვითმფრინავების მიერ საქართველოს დროშის გაშლით დაიწყო. საპატიო ყარაულებმა კი საჩვენებელი გამოსვლით მომზადები დონის დემონსტრირება მოახდინეს. თავისუფლების მოედანზე ანსამბლ ილორის წევრებმა საქართველოს დროშებით ფლეშმობი გამართეს. ქვეყნის მთავარსარდალს გენერალური შტაბის უფროსმა პატაკი ჩააბარა, რის შემდეგაც 200-მდე ახალწვეულმა ფიცი დადო.

ფიცის დადებამდე კი, 26 რუსთაველის გამზირზე ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. გაშლილია კარვები და სტენდები, სადაც სხადასხვადასხვა სამინისტროს საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი. წარმოდგენილი იყო სამხედრო კომპონენტიც - მოქალაქეებს შეიარაღება და ტექნიკური საშუალებების დათვალიერების საშუალებაც ჰქონდათ, რომელიც თავდაცვის სამინისტრომ გამოფინა.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ეროვნული დღესასწაულია, რომელიც ყოველი წლის 26 მაისს აღინიშნება. საქართველომ რუსეთის იმპერიისგან დამოუკიდებლობა სწორედ 1918 წლის 26 მაისს გამოაცხადა.

კომენტარები