ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები

ბერძენიშვილი: საკრებულოს წევრობის კანდიდატთა უმრავლესობა შეთანხმებულია

radiotavisupleba.ge

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დავით ბერძენიშვილის განცხადებით, კოალიციაში ადგილობრივი არჩევნებისთვის საკრებულოს წევრობის კანდიდატთა უმრავლესობა შეთანხმებულია. როგორც ბერძენიშვილმა ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს შეხვედრისას თქვა, თითოეულ საკრებულოში კანდიდატების შერჩევის შეჯერების პროცესი მიმდინარეობს.

"საკრებულოებში 1 053 მაჟორიტარია ასარჩევი. კანდიდატთა ძირითადი ნაწილი უკვე შეთანხმებულია და თითქმის ბოლომდე ვართ გასული. სამუშაო პროცესი გრძელდება, პროცესი არის რთული და საქმიანი", - უთხრა ჟურნალისტებს დავით ბერძენიშვილმა და განმარტა, რომ პარტიული სიით დეპუტატობის კანდიდატთა 50% იქნება ქართული ოცნების წარმომადგენელი, ხოლო დანარჩენ 50%-ის წარმოადგენენ კოალიციის დანარჩენი პარტიები.

რაც შეეხება მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს, ბერძენიშვილის თქმით, ისინი კონკურენტუნარიანობის მიხედვით შეირჩევიან.

კოალიცია ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს წევრები პრემიერმინისტრს ხვდებიან. შეხვედრაზე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში მიმდინარეობს, არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე მსჯელობენ.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 15 ივნისს გაიმართება.

კომენტარები