ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები

ხოშტარია: თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა რუსული ძალადობრივი რეჟიმის ლეგიტიმაციაა

პარტია დროას ლიდერის, ელენე ხოშტარიას თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა არსებულ მდგომარეობაში იქნება "რუსული ძალადობრივი რეჟიმის ლეგიტიმაცია" და ბრძოლის შეწყვეტის ტოლფასი ქმედება.

"კოალიცია ცვლილებისთვის და მისი უკანონო პატიმრობაში მყოფი ლიდერები ძალიან დიდი ხანია, თანმიმდევრულად ვასაბუთებდით, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე ფიქრიც კი არის აბსოლუტურად დაუშვებელი და დამაზიანებელი იმ წინააღმდეგობისთვის, რომელშიც იმყოფება საქართველოს სრული უმრავლესობა. დღეს შექმნილ გაუგებარ ვითარებაში, გაუგებარი განცხადებების ფონზე, რაც კეთდება ჩვენი პარტნიორებისგან, ზოგიერთი პარტიისგან, ვალდებულად ვთვლი თავს, რომ დამატებით გავაკეთო განცხადება. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დღეს მონაწილეობა, ეს არის რუსული ძალადობრივი რეჟიმის ლეგიტიმაცია. ეს არის წინა, 26 ოქტომბრის არჩევნების რუსული სპეცოპერაციისა და მოტაცებული არჩევნების პრაქტიკულად დანებება და აღიარება. ეს არის ბრძოლის შეწყვეტა და აღარაფერს ვამბობ, რომ ეს არის, ჩემი აზრით, ამორალური სინდისის პატიმრებისა და პოლიტიკური პარტნიორების ციხეში ყოფნის ფონზე". - თქვა ხოშტარიამ.

აღნიშნულ საკითხზე განცხადება გააკეთა მოძრაობა თავისუფლების მოედანმაც, სადაც ნათქვამი იყო, რომ "დღევანდელი რეპრესიული პოლიტიკის გათვალისწინებით, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე მოლაპარაკების არარსებობის პირობებში" მოძრაობა ვერ ხედავს, "როგორ შეიძლება თავისუფლების მოედნის მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში საზოგადოების სარგებელს ემსახურებოდეს".

კოალიცია ძლიერი საქართველოს გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძე TV ფორმულას ეთერში 2 ივნისს თქვა, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე "თბილისის წართმევა და გათავისუფლება ბოროტი, ძალადობრივი და რუსული ქოცობისგან არის შესაძლებელი".

კომენტარები