ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები

ხაზარაძე: ვერანაირი ისტერიკა ვერ იქნება გამარჯვების ფორმულის შემუშავების შემაფერხებელი!

მინდა გამოვეხმაურო "ლელო-ძლიერი საქართველოს" გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძის მიერ ეთერში გაკეთებულ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ადგილობრივი არჩევნების გარშემო საჭიროა ოპოზიციური კოალიციების ერთიან სტრატეგიაზე შეთანხმება.

ის, რომ ახალ არჩევნებს და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ვითხოვთ, დღის წესრიგიდან არ იხსნება და არც მოიხსნება არცერთი განვითარებული სცენარის პირობებში. ამისთვის ვიბრძოლებთ ბოლომდე უკომპრომისოდ!

ბიძინა ივანიშვილის რუსული რეჟიმის დემონტაჟი შესაძლებელია მხოლოდ ერთიანი სტრატეგიით და პროდასავლურ ძალთა კონსოლიდაციით და არა ისე, როგორც მაშინ, როცა პრეზიდენტის ფორმატი ჩვენს გარდა ყველა კოალიციამ დატოვა, რადგან ჩვენ ერთიანი ბრძოლის ველის შექმნის ინიციატორები და ერთგულები ვიყავით თავიდანვე.

აქვე დავამატებ, ვერანაირი ისტერიკა და ზეწოლის მცდელობა ვერ იქნება ჯანსაღი საუბრის და გამარჯვების ფორმულის შემუშავების შემაფერხებელი!

პ.ს. ბოდიშს გიხდით ამ ფორმით რომ მოგმართავთ. არ ვიმყოფები საქართველოში. კვირის ბოლოს მზად ვარ უფრო დეტალურად მოგახსენოთ "ლელო-ძლიერი საქართველოს" პოზიცია და ხედვა როგორ დავამარცხოთ რუსული რეჟიმი საქართველოში!

წერს კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, კოალიცია ძლიერი საქართველოს გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძე TV ფორმულას ეთერში 2 ივნისს თქვა, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე "თბილისის წართმევა და გათავისუფლება ბოროტი, ძალადობრივი და რუსული ქოცობისგან არის შესაძლებელი".

კომენტარები